ახალი ამბები
გორის ბავშვთა საავადმყოფოს თანამშრომელი გაფრთხილების გარეშე გაათავისუფლეს
სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას'' თანამშრომელი დღეს სამსახურიდან ყოველგგვარი გაფრთხილების გარეშე გაათავისუფლეს. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ლექსო მერებაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გათავისუფლებამდე ხელფასი გაუნახევრეს, ხოლო მას შემდეგ, რაც ეს ფაქტი გააპროტესტა, ამას საერთოდ სამსახურიდან გათავისუფლება მოყვა.

,,კლინიკის ადმინისტრაციის თანამშრომელს ხელფასი ჰქონდა 600 ლარის ოდენობით. დაახლოებით ერთი თვის წინ გაუნახევრეს, რაც გააპროტესტა. იმ დროს, როდესაც სამუშაო დატვირთვა, პანდემიის გამო, გაორმაგდა, ხელფასის განახევრება იყო უსამართლო. ამ პრეტენზიის შემდეგ, საავადმყოფოს ხელმძღვანელობა მორიგებაზე წამოვიდა. დღეს სწორედ, ხელფასის განახევრების საკითხზე ვმუშაობდით, როდესაც მოულოდნელად შეგვატყობინეს, რომ სამსახურშიც აღარ უნდა გამოცხადებულიყო'' - აცხადებს იურისტი ლექსო მერებაშვილი.

იურისტი თვლის, რომ პანდემიის პერიოდში, სამედიცინო დაწესებულებას მუშაობა არ შეუწყვეტია, პირიქით, თანამშრომელთა დატვირთვა გაიზარდა, შესაბამისად, კლინიკის ადმინისტრაციის მიერ გადადგმული ნაბიჯები ადამიანის უფლებებს ლახავს:

,,არანაკლებ რთულ მდგომარეობაში არიან სანიტრები, რომელთა მხრებზე ბევრი საქმე გადადის. მათაც შეუმცირეს ხელფასი, სულ რაღაც 200 ლარს იღებენ ახლა. რა ხდება ამ კლინიკაში, ვერ გავიგეთ? თუ ხურავენ, მაშინ ეს მაინც განაცხადონ' - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი.

კლინიკაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ,,იავანანას'' ადმინისტრაციას განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები