ახალი ამბები
მტკვრის წყალი ყოველწლიურად 0,759 მ3/წმ-ით მცირდება - 2020 წლის კვლევა
მდ. მტკვარზე აღინიშნება მდინარის წყლის ყოველწლიური შემცირება - 0,759 მ3/წმ-ით. მაქსიმალური ხარჯები მცირდება ყველა მის შენაკადზე გარდა ორი შენაკადისა - დიდ ლიახვსა და თეთრ არაგვზე.

ასეთია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი ექსპერტების: თ. ბასილაშვილისა და ნ. ბერძენიშვილის კვლევის შედეგები, რომლებმაც 2020 წელს, გამოაქვეყნეს სახელწოდებით - ,,მდ. მტკვრის წყლის მაქსიმალური ხარჯები და მათი ცვლილება''.

ანგარიშის მიხედვით, მტკვრისგან განსხვავებით, დიდი ლიახვი და თეთრი არაგვი გლობალური დათბობის შედეგად, მყინვარების ნადნობი წყლის ხარჯზე იზრდება:

,,მდ. დიდ ლიახვზე სოფ. კეხვთან მაქსიმალური ხარჯები ყოველწლიურად მატულობს 0,818 მ3/წმ-ით, მდ. თეთრ არაგვზე სოფ. ფასანაურთან კი 0,562 მ3/წმ-ით. ეს გამოწვეულია იმით, რომ კლიმატის დათბობის შედეგად ხდება მათ აუზებში მდებარე მყინვარებისა და მუდმივი თოვლის საფარის ინტენსიური დნობა, სხვა მდინარეებზე კი, მომატებული ტემპერატურის გამო, პირიქით, იზრდება აუზის ზედაპირიდან აორთქლება და მცირდება მდინარის წყლის ხარჯები.'' - აღნიშნავენ ექსპერტები.

ექპერტების დაკვირვებით, სადღეისოდ გრძელდება რა გლობალური დათბობა, მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის კვლავ მომატება, რაც გამოიწვევს მყინვარებისა და თოვლის დნობის გაძლიერებას და შესაბამისად ამ ზონის მდინარეთა ჩამონადენის მატებას. სხვა მდინარეებზე კი პირიქით შემცირდება ჩამონადენი და მათი მაქსიმალური ხარჯები.

,,პერსპექტივაში კლიმატის შემდგომი დათბობის შედეგად შესაძლებელია კავკასიონის ქედი მთლიანად განთავისუფლდეს მყინვარებისაგან, რაც უკვე 2150-2160 წლებში ივარაუდება. ასეთი პროცესი რეგიონში გამოიწვევს წყლის რესურსებისა და მოსავლიანობის შემცირებას, აგრეთვე სხვა ნეგატიურ მოვლენებს, რაც მეტად უარყოფითად იმოქმედებს გარემოზე, საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებაზე. ეს რომ არ მოხდეს საჭიროა გარკვეული პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და ჩატარება.'' - წერია კვლევაში.

რაც შეეხება მდინარე მტკვარს, მდ. მტკვარს საქართველოში დედამდინარეს უწოდებენ, რადგან ის დიდ როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკაში, მასზე აგებულია ჰიდროელექტროსადგურები და მისი წყლით ირწყვება ათასობით ჰა მიწა. მდ. მტკვრის ხეობის ორივე მხარის სანაპიროზე განლაგებულია თანამედროვე ტიპის ქალაქები: ახალციხე, ბორჯომი, ხაშური, გორი, კასპი, მცხეთა, თბილისი და რუსთავი.

,,მტკვარზე და მის მრავალრიცხოვან შენაკადებზე ფორმირებული ხშირი მაღალი წყალმოვარდნები დიდ საფრთხეს უქმნის ამ ქალაქებს და ხელს უშლის მათ კეთილმოწყობას. კლიმატის თანამედროვე დათბობის პირობებში, როდესაც მიმდინარეობს მყინვარებისა და თოვლის ინტენსიური დნობა და ხდება ნადნობი წყლებისა და თავსხმა წვიმების თანხვედრა, წარმოიქმნება მასშტაბური კატასტროფები. ამის შედეგად ინგრევა და ზიანდება გზები, ხიდები, ნაგებობები, სახლები, იტბორება და ნადგურდება ათასობით ჰექტარი სავარგულები, ნათესები, იღუპება მრავალი პირუტყვი და ხდება ადამიანთა მსხვერპლიც. ამ მიზეზთა გამო, მდინარისპირა ტერიტორიის ათვისების საწყისი-საანგარიშო მონაცემი მდინარეთა წყალდიდობების უდიდესი წყლის მაქსიმალური ხარჯებია. ამიტომ მდინარის სანაპირო ზონაში ახალი ობიექტების დაპროექტებისა და აშენებისათვის აუცილებელია ზუსტი წყალსამეურნეო გაანგარიშებების წარმოება.'' - წერია კვლევაში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები