ახალი ამბები
ხაშურის სოფლებში ხე-ტყის უკანონო ჭრის გამოსავლენად პატრულირება დაიწყო
მას შემდეგ, რაც ხაშურის მუნიციპალიტეტში, უკანონოდ მოჭრილი ნაძვები სამინისტროს დაქვემდებარებულ ,,საქმიან ეზოში'' ნახეს, მუნიციპალიტეტის სოფლებში რეიდი ჩატარდა.

სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 12 ფაქტი გამოავლინეს.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში, პატრულირების დროს, გადამოწმების მიზნით შეჩერებული ავტომანქანების ძარაზე, ჯამში 280 ერთეული სხვადასხვა სიგრძისა და სახეობის დაუფირნიშებელი მორი იყო განთავსებული.

მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები. შედგა შესაბამისი ოქმები, ავტომანქანები დაილუქა.

qartli.ge-მ ცოტა ხნის წინ რამდენიმე რეპორტაჟი მოამზადა იმ სოფლებიდან, საიდანაც ხე-ტყის მასალა მზადდება. ხალების თემში შემავალი სოფლის მოსახლეობა აცხადებდა, რომ ხე-ტყის ჭრას მასობრივი ხასიათი აქვს, რასაც სოფლის ინფრასტრუქტურა ეწირება.

ამავე დროს, როგორც ამავე თემის წარმომადგენელი, ნოე ტაბატაძე აცხადებდა, მოსახლეობა იძულებულია გზაზე საგუშაგო დააყენოს და კონტროლი თავადვე დააწესონ.

მოსახლეობის ინფორმაცია, შემდგომში ჩატარებულმა რეიდებმა დაადასტურდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები