ახალი ამბები
ქრთამის აღების ფაქტზე დევნილთა სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე სსიპ "დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს" რეგისტრაციის უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას პრეს-სამსახური ავრცელებს. აღნიშნული სააგენტო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

გამოძიების ვერსიით, სსიპ "დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს" თანამშრომელი, განსახლების საჭიროების მქონე ეკომიგრანტებისგან, სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული 25 000 ლარიანი ფულადი შემწეობის გაცემის დადებითად გადაწყვეტის სანაცვლოდ ქრთამის სახით სისტემატიურად იღებდა სხვადასხვა ოდენობის ფულად თანხას. 2021 წლის მარტში, მან წალკის რაიონში საცხოვრებელი სახლის შეძენის სანაცვლოდ მოქალაქეს გამოართვა 1 500 ლარი, ხოლო ამავე წლის მაისში ადიგენის რაიონში საცხოვრებელი სახლის შეძენის სანაცვლოდ - 2 000 ლარი.

იდენტიფიცირებულია სხვა შემთხვევებიც, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები