ახალი ამბები
საქართველოში კათოლიკეები ,,ვარდისშეყრას'' ზეიმობენ
წელს, 3 ივნისს მესხეთში, ხოლო 6 ივნისს, კათოლიკეების სხვა სამრევლოებში, ,,ვარდიშეყრას'' აღნიშნავენ. ეს არის ქრისტეს ხორცისა და სისხლის დღესასწაული.

„ვარდისშეყრა“ - კათოლიკეები სულთმოფენობიდან ათი დღის შემდეგ ზეიმობენ. მესხეთში ხუთშაბათობით აღინიშნება, სხვა სამრევლოებში კი მას კვირა დღეს (6 ივნისი - 2021) ზეიმობენ.

ეს არის დღესასწაული, რომელსაც მხოლოდ კათოლიკე ეკლესია აღნიშნავს. წმ. წირვის შემდეგ ტრადიციულ მსვლელობას წინ მიუძღვის სასულიერო პირი, რომელსაც მიაქვს ყოვლადწმინდა საიდუმლო, აღმდგარი იესოს სხეული. წმინდა ზიარების თანხლებით, პროცესიის, იგივე მსვლელობის გამართვა მორწმუნეებისათვის რწმენის აღიარების სიმბოლოა.

ქრისტეს ხორცისა და სისხლის დღესასწაული კათოლკე ეკლესიაში მე–13 საუკუნიდან აღინიშნება.

კომუნისტურ პერიოდში, როცა მესხეთის სოფლებში კათოლიკე მღვდლები არ სწირავდნენ, მორწმუნეები „ვარდისშეყრის“ დღესასწაულზე ბუზმარეთის ტაძრის მოსალოცად მიდიოდნენ.

კათოლიკური სოფელია ბეთლემი (ყოფილი ახალხიზა), რომელიც გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. აქ მოსახლეობა საუკუნის წინ, მესხეთიდან, კერძოდ, ხიზაბავრადან დასახლდნენ. დღესასწაულს ბეთლემის მრევლიც ესწრება ხოლმე.

დღესასწაული წმინდა წირვასა და საზეიმო მსვლელობას (პროცესია) მოიცავს. მისი ერთ–ერთი ატრიბუტი კი, ფერადი ყვავილებია -"ქრისტიანებს გვწამს, რომ ამ დროს, ევქარისტიის მეშვეობით, ცოცხალი ქრისტეა ჩვენს შორის. სწორედ ამიტომ, პატივისცემის ნიშნად, ჩვენ მას გზაზე ყვავილებს ვუფენთ", – ამბობენ მორწმუნეები.

წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, მასშტაბური საზეიმო მსვლელობა არ მოეწყო. მორწმუნეებმა მსვლელო მხოლოდ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეძლეს.

ფოტოები: 3 ივნისი, მესხეთი



 

Print

სტატიის გამოყენების პირობები