ახალი ამბები
აშშ-ს სენატორებს გამყოფ ხაზთან არსებული სიტუაცია გააცნეს
დღეს აშშ სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მონაკვეთებს სოფლების, ზემო ნიქოზის და ერგნეთის სიახლოვეს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ეწვივნენ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრეს-სამსახურის ცნობით, სენატორებს მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა უმასპინძლა.

,,ვიზიტისას გააცნო საკუთარი მოსაზრება ადგილზე განვითარებული უკანასკნელი მოვლენების შესახებ. ასევე - უსაფრთხოების ვითარება, გაამახვილეს რა ყურადღება „ბორდერიზაციის“ ისეთ ქმედებებზე როგორებიცაა მავთულის ღობეები, სადამკვირვებლო პუნქტები, სამეთვალყურეო საშუალებები, ასევე უარყოფით გავლენაზე გადაადგილების თავისუფლების მხრივ და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის სხვა უფლებებზე.'' - აღნიშნულია განცხადებაში.

ვიზიტის დროს, მისიის ხელმძღვანელმა დეტალურად ისაუბრა კონკრეტული გამოწვევების შესახებ, რომელიც მოსახლეობას აწუხებს და რომლებიც კიდევ უფრო გართულდა COVID-19-ის პანდემიით.

სენატორებმა დადებითად შეაფასეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, როგორც ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო დამკვირვებლის მუშაობა და მადლობა გადაუხადეს მისიას ინფორმაციული საველე ვიზიტისთვის.

აშშ-ს უკანასკნელი მაღალი დონის ვიზიტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შედგა 2018 წლის ოქტომბერში, როდესაც სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის საკითხებში, ჯორჯ კენტი ეწვია მისიის სათაო ოფისს და შეუერთდა გორის რეგიონალური ოფისის პატრულირებას. იხილეთ ქვემოთ:
Print

სტატიის გამოყენების პირობები