ახალი ამბები
გორის საკრებულოს წევრმა ,,ქართული ოცნება'' დატოვა - ის გახარიას გუნდს შეუერთდა
გორის საკრებულოს წევრი მამუკა ფანიაშვილი ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა. ამის შესახებ განცხადებას საკრებულოს წევრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი თქმით, ქართული ოცნების ყოველდღიური საზრუნავი მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება გახდა.

მამუკა ფანიაშვილი ,,ქართული ოცნების'' წევრი 2016 წლიდან გახდა. მანამდე ის კერძო სექტორში მუშაობდა, თუმცა, სტუდენტობის პერიოდში, აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. კერძოდ, 2007 წლამდე ის ახალი მემარჯვენეების გორის ორგანიზაციის ჯერ ახალგაზრდული, შემდეგ რეგიონის ორგანიზაციის შტაბს ხელმძღვანელობდა.

,,2016 წელს, როდესაც გადავწყვიტე აქტიურად ჩავრთულიყავი პოლიტიკურ პროცესებში თავისი ფასეულობებით, ლიდერებით და მსოფლმხედველობით ქართული ოცნება იყო ქვეყანაში ერთადერთი ძალა, რომელსაც შეეძლო ქვეყანა სწორი გზით წაეყვანა და ეზრუნა ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე. სწორედ ამიტომ გავწევრიანდი ამ პარტიაში და აქტიურად ვიყავი ჩართულ პარტიული საქმიანობის ყველა მიმართულებით, აქტიური მონაწილეობა მაქვს მიღებული დღემდე ჩატარებულ, ყველა არჩევნების საშტაბო მუშაობაშიც ხელმძღვანელ პოზიციებზე.'' - აღნიშნავს მამუკა ფანიაშვილი.

იგი განმარტავს, რომ სრულად მაქვს გაზიარებული და ვიღებ პასუხიმსგებლობას ყველა წარმატებასა და წარუმატებლობაზე, რომელიც "ქართულ ოცნებაში" ჩემი წევრობის პერიოდს უკავშირდება. თუმცა, ქვეყანას სჭირდება ახალი დღის წესრიგი, რომელიც მიმართული იქნება არა საზოგადოების გახლეჩვასა და რადიკალიზმზე, არამედ ქვეყნის განვითარებაზე ყოველდღიურ ფიქრსა და მოქმედებებზე.

,,ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, კერძოდ: დესტრუქციული და რადიკალური ოპოზიცური პარტიების თუ ორგანიზაციების შემოთავაზებული დღის წესრიგის სრულად გაზიარებამ ხელუსუფლების და მმართველი პარტიის მიერ, მათი დღის წესრიგით ნაკარნახევმა ყოველდღიურმა მოქმედებებმა, ძალიან დააზიანა ქვეყნის საგარეო იმიჯი და ნაცვლად ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვისა, ქართული ოცნების ყოველდღიური საზრუნავი გახდა მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება!
მოკლედ რომ ვთქვათ, ვტრიალებთ ჩაკეტილ წრეზე და ეს ქვეყანას კარგს არაფერს უქადის'' - დასძენს საკრებულოს წევრი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები