ახალი ამბები
მოლაშქრეები ტყიდან გამოიყვანეს
აბასთუმნის ტყიდან ახალგაზრდები დღეს დილით გამოიყვანეს. ამჟამად პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან. ისინი მოინახულეს უკვე მშობლებმა.

ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს და რამდენიმე საათში თავიანთ სახლებში დაბრუნდებიან. მოლაშქრეებს გზა აერიათ და 3 დღის განმავლობაში გზის გაკვლევას ცდილობდნენ. ისინი გუშინ საღამოს იპოვეს.

შეგახსენებთ, ახალგაზრდებს 3 დღეა ეძებდნენ. ისინი ზეკარის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე შეამჩნიეს. მათთან სატელეფონო კომუნიკაცია 3 ივნისს შეწყდა. ახალგაზრდები მწყემსმა 4 ივნისს, 5 საათზე, ტყეში შეამჩნია.

საბოლოოდ, 6 ივნისს მათი ადგილსამყოფელი დადგინდა. 7-დან ორი მოლაშქრე გორის მუნიციპალიტეტიდანაა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო 40 მეხანძრე-მაშველი და რეინჯერები. სამძებრო ოპერაცია დრონებით მიმდინარეობდა. მაშველების თქმით, ზეკარის უღელტეხილიდან საირმისკენ მიმავალ ახალგაზრდებს გზა აებნათ. მათივე თქმით, ამ ტერიტორიაზე წვიმისა და ცუდი ამინდის დროს იცის ძლიერი ნისლი, რის გამოც პროფესიონალებსაც შეიძლება აერიოთ გზა. საბოლოოდ, ახალგაზრდებს აბასთუმნიდან 25 კმ-ის დაშორებით, ბაღდათის მხარეს, წაბლანას ტყის ტერიტორიაზე მიაგნეს.

განცხადება გაავრცელა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმაც:

,,ტურისტული ჯგუფის ადგილსამყოფელის დასადგენად საძიებო-სამაშველო ღონისძიებები აბასთუმნის ტყის ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებმა დაიწყეს. ოპერაციის ფარგლებში, მაშველებმა დაათვალიერეს ობსერვატორიის, ნასაბაჯვარის მთის, წყალსადენის და ზეკარის უღელტეხილის ტერიტორიები. უწყვეტი სამაშველო-საძიებო ოპერაციის შედეგად, ტურისტული ჯგუფი ნაპოვნია უვნებლად. ამ დროისთვის მიმდინარეობს მათი ჩამოყვანა უსაფრთხო ადგილას. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.'' - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები