ახალი ამბები
გორში მძღოლების მიმართ პოლიციის კონტროლი გამკაცრდა
ბოლო ორი დღეა ქალაქ გორში გორის პოლიციამ მძღოლების მიმართ კონტროლი გაამკაცრა. 18 წლის ბიჭის გარდაცვალების შემდეგ, სიმთვრალე-სიფხიზლეზე მასობრივი შემოწმებები დაიწყეს.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა დღეს დილით არაფხიზელ მდგომარეობაში მძღოლის ყოფნის ფაქტიც გამოავლინეს: ,,არაფხიზელ მდგომარეობაში მართავთ მანქანას, დადგენილი 0,03%-ის ნაცვლად, აპარატმა ალკოჰოლის შემცველობა 0,5% გიჩვენათ'' - უთხრა პატრულის თანამშრომელმა დღეს დილით მძღოლს. მძღოლი ამბობდა, რომ მას არ დაულევია, თუმცა პატრულის თანამშრომელმა მას ოქმის გასაჩივრებისკენ მიუთითა.

კომბინატის დასახლებაში ორი დღის წინ 18 წლის ბიჭის გარდაცვალების ფაქტმა სოციალურ ქსელში მასობრივი პროტესტი გამოიწვია. გოგოს და ბიჭს მანქანა დაეჯახა. დაშავებული 16 წლის გოგონას მდგომარეობა კი კვლავ მძიმეა.

კომბინატის დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები ითხოვენ, რომ კონტროლი მათ უბანში გამკაცრდეს, რადგან კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზ ახალგაზრდები მანქანებით დიდი სიჩქარით მოძრაობენ.

გორის მერიაში აცხადებენ, რომ ყველა იმ უბანში, სადაც მძღოლები, გადაჭარბებული სიჩქარის გამო, მოსახლეობას საფრთხეს უქმნიან, ე.წ. მწოლიარე პოლიციელები დაამონტაჟეს. რაც შეეხება კომბინატში, მშვიდობის გამზირს, ეს ცენტრალური გამზირია და, შესაბამისად, იქ დამატებით მწოლიარე პოლიციელებს ვერ დაამონტაჟებენ. ამის გამო, კომბინატელები საპოლიციო კონტროლის გაძლიერებას ითხოვენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები