ახალი ამბები
შიდა ქართლში სამშენებლო კომპანიის დირექტორი დააკავეს - სატენდერო დოკუმენტაციის გაყალბების ბრალდებით
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შიდა ქართლის რეგიონში ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტებზე ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

გამოძიების ვერსიით, სამშენებლო ფირმის დირექტორმა, სახელმწიფო შესყიდვებში გამარჯვების მოპოვების მიზნით, 2018-2019 წლებში დაამზადა და სხვადასხვა შემსყიდველ ორგანიზაციებს წარუდგინა 2 529 645 ლარის ღირებულების ყალბი ხელშეკრულებები, რის შედეგადაც, საწარმოს გაუფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები.

გამოძიების ცნობით, შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის წარდგენილი ყალბი ოფიციალური დოკუმენტებით გათვალისწინებული ოპერაციები ფაქტობრივად არ განხორციელებულა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

Print

სტატიის გამოყენების პირობები