ახალი ამბები
გობოზაანთუბანი – უშუქო სოფელი


გობოზაანთუბნამდე ორი გზა მიდის, მაგრამ ორივე რთულად გადასალახი. ერთი - ხალებიდან, მეორე – სარტყელადან.


ჩვენ ამ სოფელში ჩვენთვის ნაცნობი სარტყელადან ავედით. სარტყელას და გობოზაანთუბანს ხევი ყოფს. ღელეს წყლიდან გზა ფაქტობრივად აღარცაა. მხოლოდ, ოდესღაც გავლილი მანქანის ნაკვალევია, რომელიც წელამდე ბალახს დაეფარა.

ტელეფონი არ იჭერს. არც ელექტროენერგიის ბოძებია სადმე, რომელიც სოფლის ძიებაში ბევრჯერ გამოგვდგომია.

მაგრამ, ირგვლივ ისეთი სიჩუმეა, საკუთარი ფეხის ნაბიჯების შრიალი გაკრთობს. ცოტა ხანს ჩერდები, რომ იქნებ ადამიანის ჭაჭანების ხმა გაიგო, მაგრამ უშედეგოდ. გზა იმდენად უდაბური ხდება, რომ მომენტალურად უკან გაბრუნების სურვილი გიჩნდება. თუკი სარტყელაში უნახავთ დათვი, რა გასაკვირია, რომ გობოზაანთუბნის ხშირი სტუმარი არ იყოს.

მაგრამ უკან გაბრუნების იდეას ის აზრი ჯობნის, როგორ თუ ვერ უნდა მივაგნოთ?

- ,,დიტო, ძია" - დავიყვირეთ.

- ,,ჰოუ, აქ ვარ, აქეთ წამოდით"



სასიხარულო შეძახილიც გაისხმა. ხეებსა და ბალახში ჩამალული ხის სახლები მოულოდნელად ჩვენს თვალწინ გაჩნდა. თითქოს აქამდე ჩვენ გვემალებოდნენ. გზის მარჯვნივ და მარცხნივ კოხტად მორთული სახლები დავინახეთ. თითო სახლს თავისი საბძელი და ბოსელი აქვს, რომელთა უმეტესობას ახლა არც არავინ იყენებს, საბძელის გარდა – თივის შესანახად.

ჩვენი მასპინძელი დიმიტრი გობოზაშვილია. ის ამ სოფელში დაიბადა და გაიზარდა. ამჟამად, ოჯახთან ერთად, ხაშურში ცხოვრობს, თუმცა სამსახურიდან თავისუფალ დროს ძირითადად გობოზაანთუბანში ატარებს.

გრილი ამინდი იყო, ამიტომ, პომიდვრის ჩითილებს წყალს ნაშუადღევს უსხამდა. ნიადაგი კი წყალს ისე ისრუტავდა, წვეთი წყალიც კი არ რჩებოდა ზემოთ, რაც წებოვანი ნიადაგისთვისაა ხოლმე დამახასიათებელი. აქ კი, - პირიქით.

,,თითო ამოსვლა 30 ლარი მაინც დაგიჯდება. აქ პატარა მანქანით ვერ ამოხვალ. ქვემოთ უნდა დააყენო მანქანა და იქიდან ფეხით. მაგრამ ყოველთვის არ გაქვს 30 ლარი, რომ ამოხვიდე. ამიტომ, ძირითადად ფეხით ამოვდივარ" - ამბობს დიმიტრი გობოზაშვილი.

ის ხაშურიდან ხალების გავლით დადის. ქალაქიდან 3 საათი უნდება, ხოლო პირიქით – 2 საათი.



საცხოვრებელ სახლი ორსართულიანია. ოდესღაც აქ შეძლებული ოჯახი ცხოვრობდა, რომელსაც თავისი საქონლის სადგომი და საჭირნახულე ჰქონდა მოწყობილი. დიმიტრი იხსენებს, რომ ბავშვობაში ყველა ოჯახის ნათესავს ბავშვები არდედეგებზე ამ სოფელში მოყავდა.

,,როცა შევიკრიბებით ხოლმე, ყველა ამბობს, რომ აი, გვინდა სოფელში დაბრუნება, მაგრამ მანქანის გარეშე კი ამოსვლა არავის უნდა" - ხუმრობს ჩვენი მასპინძელი. ,,ეხლა, როგორი დროა იცი? მაღაზიაშიც კი მანქანით მიდიან და აქ ვინ ამოვა?"

როგორც გავარკვიეთ, ელექტროენერგია გობოზაანთუბანს არა აქვს, ამიტომ, დიმიტრი სოფელში მაქსიმუმ 3 დღე რჩება:

,,ღამით ისეთი სიბნელეა და ლამფის შუქით რას გახდები? როგორც კი ჩამოღამდება, უნდა დაიძინო და რამდენი ხანი უნდა გეძინოს?" - ამბობს ჩვენი მასპინძელი.

უკან დაბრუნებისას გადაწყვიტა, რომ ხაშურში ჩვენ გამოგვყოლოდა. ჩვენი მანქანა ღართაში გვქონდა დატოვებული, თუმცა ღართამდე სარტყელა გავიარეთ და მის გარშემო არსებული მინვდრები.

,,კიდევ კარგი, სარტყელაში მაინც არის ხალხი. ეს ჩემთვისაც იმედია. ახლა ჩვენ ამ სარტყელას ვეკუთვნით. თუ რამ თანხა გამოიყოფა, იხარჯება სარტყელასთვის და, რეალურად, გობოზაანთუბანი ცალკე რჩება მაინც. არც გზა და არც შუქი" - ვსაუბრობთ გზადაგზა.



სარტყელაში ის ელექტრობოძი გვაჩვენა, რომლითაც მისთვის განკუთვნილი მრიცხველი დააყენეს. ,,ეს მრიცხველი როცა დააყენეს, მითხრეს, აქედან გაგიყვანთ ბოძებსა და დენსაო, მაგრამ იმის შემდეგ 5-6 წელი გავიდა." - ამბობს დიმიტრი.

ყოველთვიურად კი, მრიცხველი, გახარჯული ელექტროენერგიის ღირებულებას, 4-5 ლარს აჩვენებს:

,,დენი არ მაქვს და რანაირად წერს ამ თანხას?" - ვხუმრობთ გზადაგზა.

,,თქვენც ნუ გადაიხდით, რა აზრი აქვს ჩაგიჭრიან თუ არა, მაინც არ გაქვთ დენი" - ვაგრძელებთ საუბარს და უკვე სარტყელა-ღართას გზას დავადექით.

ჩვენს უკან რჩება 3 მთას შორის მოქცეული, მწვანეში ჩაფლული ორი დასახლება – სარტყელა და გობოზაანთუბანი. პირველი მთის ფერდობის ერთ მხარესაა, მეორე კი, - გაღმა მხარეს, ისიც მთის ფერდობზე.

,,აქ ზამთარში იცის სასწაული ქარი. ქარი ტრიალებს სარტყელასავით, იმიტომ, რომ მთებიც სარტყელივით აკრავს გარშემო. ბარში კი, ქარი თუ ქრის დასავლეთიდან ან აღმოსავლეთიდან, აქ ვერ გაიგებ, საიდან ქრის"

გობოზაანთუბანიც დაახლოებით 2 საუკუნისაა, ისევე როგორც სარტყელა.

,,ჩვენი წინაპრები, გობოზოვები საიდან წამოვიდნენ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ერთი ადამიანი მოსულა და აქ დასახლებულა. იმას ყოლია 8 თუ 9 ცოლი. თითოეულისგან ეყოლა შვილი და ასე გავმრავლდით აქაური გობოზაშვილები" - გვიყვება ჩვენი მასპინძელი.

ხაშურის მერიაში გაუკვირდათ, რომ მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებობს სოფელი, სადაც დენი არაა გაყვანილი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები