ახალი ამბები
საოკუპაციო რეჟიმის მიერ გათავისუფლებულ გერონტი პაპიტაშვილს სამედიცინო კვლევები ჩაუტარეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში მცხოვრებ, 60 წლის გერონტი პაპიტაშვილს გორის ჰოსპიტალში სამედიცინო კვლევები ჩაუტარეს. კლინიკაში ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა მიიყვანეს.

როგორც გერონტი პაპიტაშვილი ამბობს, გუშინ, რუსეთის სამხედროების მიერ მისი დაკავებისას, ზედა კიდურზე დაზიანებები მიიღო.

,,ეს ხელი ისედაც ნატკენი მქონდა და რომ მეჯაჯგრებოდნენ, უფრო დამიზიანდა.'' - ამბობს გერონტი პაპიტაშვილი.

ის გუშინ 10 ივნისს, გამყოფი ხაზის სიახლოვეს დააკავეს, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მალე გაათავისუფლეს:

"სალოცავის გვერდზე ვიყავით, ვაძოვებდით და იქ მოვიდნენ, ეს ტერიტორია ჩვენიაო. გამოგვეკიდნენ, პატარა ბიჭი იყო მეზობელი, ის გაიქცა და მე დამიჭირეს. სამნი იყვნენ, მერე კიდევ სამნი მოვიდნენ"- ამბობს პაპიტაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები