ახალი ამბები
მოსავლის დაზღვევა სეტყვის, წყალდიდობის, ქარიშხლისა და საშემოდგომო ყინვის დროს
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა ყველა კულტურაზე 70%, ხოლო ვაზზე 50%-ია. ამის შესახებ სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების საოპერაციო დეპარტამენტის უფროსმა, ნატალია ხარატიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ სადაზღვევო რისკებს, როგორიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა.

,,მოვუწოდებ ფერმერებს, ჩაერთონ დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში და დააზღვიონ მოსავალი“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების საოპერაციო დეპარტამენტის უფროსმა, ნატალია ხარატიშვილმა.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

2021 წლის 31 მაისის მონაცემებით, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემული პოლისების რაოდენობა 17,286 შეადგენს, დაზღვეულია 17,000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები