ახალი ამბები
ერგნეთში მე-100 შეხვედრა იმართება
დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მე-100 შეხვედრა მიმდინარეობს. მასში მონაწილეობს საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი, ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის თქმით, მთავარი საკითხი უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებაა:

„აღნიშნულ შეხვედრაზე მთავარ საკითხს, რა თქმა უნდა, წარმოადგენს უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების საკუთარ ოჯახებში დაბრუნების საკითხი. გარდა ამისა, საუბარი შეეხება ბოლო დროს აქტიურ ფაზაში გადასულ უკანონო ეგრეთ წოდებულ ბორდერიზაციის პროცესს და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ერგნეთში იმყოფებოდნენ ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები. მათ ამ შეხვედრის შემდეგაც კონკრეტული შედეგის შესახებ პასუხი ვერ მიიღეს.

ზაზა გახელაძე ცხინვალის საპატიმროში იმყოფება. ოჯახი კი 24 ივნისიდან საპროტესტო აქციებს იწყებს. 23 ივნისს ზაზა 34 წლის ხდება. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაზა გახელაძე უკანონოდ 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს, ხოლო 2021 წლის 5 თებერვალს მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა "მიესაჯა"
Print

სტატიის გამოყენების პირობები