ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ საქართველოს ერთი მოქალაქე გაათავისუფლა
ცხინვალის იზოლატორიდან ლაშა ხეთერელი 1-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. საქართველოს მოქალაქე დღეს შს სამინისტროს წარმომადგენლებს ერგნეთის საგუშაგო გადასცეს.

ხეთერელი ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით რამდენჯერმე იყო დაკავებული, მეორედ, 2019 წლის 25 აგვისტოს დააკავეს. ორი წლის წინ, მას ორთვიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და 2019 წლის 22 ოქტომბერს გაათავისუფლეს.

ის ქვემო ქართლში, შაუმიანის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს და ახლობლების სანახავად არაერთხელ სცადა გამყოფი ხაზის გადაკვეთა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ლაშა ხეთერელის უკანონო დაკავების და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები