ახალი ამბები
ზაზა გახელაძის დედამ პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა
,,რომ არა ირმა, დღეს ნანა ცოცხალი აღარ იქნებოდა'' - განუცხადა ჟურნალისტებს ზაზა გახელაძის მამამ, მიშა გახელაძემ.

მისი თქმით, მისი მეუღლისთვის უკვე აუტანელია ის მდგომარეობა, რაც ოჯახის გარშემო ხდება.

,,ერგნეთის შეხვედრიდან რომ დავბრუნდით, სახლში შევიდა, 5-ლიტირიანით გამოიტანა ბენზინი, ბიძაშვილის ცოლს და რძალს, ირმას რომ არ დაენახათ, ნანა დღეს ცოცხალი აღარ იქნებოდა' - ამბობს მიშა გახელაძე.

ოჯახისთვის უკანასკნელი იმედი იყო პრემიერ-მინისტ ირაკლი ღარიბაშვილის დაპირება, რომ მაისის ბოლოსთვის ზაზა გახელაძე გათავისუფლებული იქნებოდა.

15 ივნისს ერგნეთში ოჯახისთვის უშედეგოდ დასრულდა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მეასე შეხვედრაც.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის უფროსი ირაკლი ანთაძე აცხადებს, რომ განიხილება ზაზა გახელაძის მონახულების საკითხი, კერძოდ, ცხინვალში ოჯახის წევრების ვიზიტი.

,,ეს იდეა განიხილება, მიმდინარეობს მუშაობა და კონკრეტული დეტალების შესახებ საუბარია რთულია'' - აცხადებს ანთაძე.

როგორც ცნობილი ხდება, ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები აპირებენ ცხინვალში გადასვლას და მზად არიან უკანონო პატიმრობისთვის. ირაკლი ანთაძე განმარტავს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ოჯახი ცხინვალში აუცილებლად შევა.

ზაზა გახელაძე ცხინვალის საპატიმროში იმყოფება. ოჯახი კი 24 ივნისიდან საპროტესტო აქციებს იწყებს. 23 ივნისს ზაზა 34 წლის ხდება. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაზა გახელაძე უკანონოდ 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს, ხოლო 2021 წლის 5 თებერვალს მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა "მიესაჯა"


Print

სტატიის გამოყენების პირობები