ახალი ამბები
სინოდის წევრები ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდნენ
ზაზა გახელაძის ოჯახში ცოტა ხნის წინ წმინდა სინოდის წევრები იმყოფებოდნენ. კასპისა და სამთავისის, ასევე, გორისა და ატენის მიტროპოლიტებმა, მეუფეებმა დამიანემ და ანდრიამ პატრიარქის ინიციატივა გააცნეს.

მათ გახელაძეებს უთხრეს, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი გეგმავს, წერილით რუსეთის პატრიარქს მომართოს, რათა დროულად მოხდეს ზაზა გახელაძის გათავისუფლება.

გარდა ამისა, ზაზა გახელაძის მამას სთხოვეს, რომ თავის შეიკავოს საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისგან, თუმცა, მიხეილ გახელაძე ამბობს, რომ გეგმას არ შეცვლის.

შეგახსენებთ, 15 ივნისს ერგნეთში ოჯახისთვის უშედეგოდ დასრულდა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მეასე შეხვედრაც.

ამის გამო, ნანა გახელაძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და თავის დაწვა სცადა. ასევე, ოჯახის წევრები აპირებენ საოკუპაციო ხაზის გადაკვეთას და ცხინვალის საპატიმროში შვილის გვერდით ყოფნას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის უფროსი ირაკლი ანთაძე აცხადებს, რომ განიხილება ზაზა გახელაძის მონახულების საკითხი, კერძოდ, ცხინვალში ოჯახის წევრების ვიზიტი.

,,ეს იდეა განიხილება, მიმდინარეობს მუშაობა და კონკრეტული დეტალების შესახებ საუბარია რთულია'' - აცხადებს ანთაძე.

ზაზა გახელაძე ცხინვალის საპატიმროში იმყოფება. ოჯახი კი 24 ივნისიდან საპროტესტო აქციებს იწყებს. 23 ივნისს ზაზა 34 წლის ხდება. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაზა გახელაძე უკანონოდ 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს, ხოლო 2021 წლის 5 თებერვალს მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა "მიესაჯა"
Print

სტატიის გამოყენების პირობები