ახალი ამბები
მოხისში საპროტესტო აქციის მონაწილეების ბინები გაჩხრიკეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ორ საცხოვრებელ სახლში იარაღს რამდენიმე საათის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ. ჩხრეკის დასრულების შემდეგ კი, რამდენიმე ადამიანი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

ვლადიმერ ხუციშვილისა და მამუკა კვალიაშვილის წინააღმდეგ პროკურატურას საჩივრით მიწების ახალმა მეპატრონემ, ვლადიმერ გორდიაშვილმა მიმართა. ამ მიწებს მოხისელები წლების განმავლობაში ამუშავებდნენ თუმცა, ეკონომიკის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ აუქციონის წესით კომპანია ,,აგროინდუსტრიაზე'' გაასხვისა.

ფაქტი ადგილობრივებმა გააპროტესტეს და სატელევიზო ეთერებში პირობა დადეს, რომ სახნავ-სათეს მიწებს არ დათმობდნენ და ახალ მფლობელებს მოხისის მიწებზე არ შეუშვებდნენ.

შ.პ.ს "აგროინდუსტრიის" დირექტორი თვლის, რომ მოხისელები მას სოცოცხლის ხელყოფით დაემუქრნენ და ის საფრთხეშია.

კომპანიის 50 % -ანი წილის მფლობელი ტელეკომპანია "თრიალეთის" დირექტორი ჯონდო ნანენატაშვილიცაა. ჯონდო ნანეტაშვილის ძმა, ბადრი ნანეტაშვილი შერიგების მინისტრის მოადგილეა. მოხისელები ამბობენ, რომ "აგროინდუსტრიამ" მიწები სწორედ ხელისუფლებასთან ახლო კავშირის გამო ჩაიგდო ხელში, პროტესტის გამო კი მთავრობამ მათი დასჯა გადაწყვიტა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები