ახალი ამბები
ტენისის კლუბი - გასართობი გორელი მოზარდებისთვის პანდემიის დროს
ზუკა ხორბალაძე ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა. მან ტენისის კლუბში სიარული 3 წლის წინ დაიწყო და არაერთ ტურნირში მიიღო მონაწილეობა. თუმცა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მისი საყვარელი კლუბის კარი, პანდემიის გამო, არაერთხელ დაიკეტა.

კორონავირუსის პანდემიის მესამე ტალღის შემდეგ, ივნისის დასაწყისში შეზღუდვები მოიხსნა. ზუკამ და მისმა მეგობრებმა ტენისის თამაში გაანახლეს. გასნიდან ორ კვირაში შიდა ტურნირიც ჩატარდა, სადაც მეორე ადგილი დაიკავა:

,,პირველად მოვედი იმიტომ, რომ ამ სპორტის მიმართ ძალიან დიდი სიყვარული გამაჩნდა. პირველივე დღეს შევიძინე უამრავი მეგობარი, აურაც მომეწონა, ბევრი მაგიდა და ა.შ. გადავწყვიტე, რომ მიმეღო მონაწილეობა ტურნირებზე. ვიღებ სიამოვნებას და დიდი ხანი გავაგრძელებ აქ სიარულს“ - ამბობს ზუკა.



ფოტოზე: ზუკა ხორბალაძე

მისი თქმით, ტენისი მას უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც დიდი ხნის განმავლობაში ადამიანები სახლში იყვნენ გამოკეტილი და იყო ,,უმოძრაობა“.

,,ზოგადად ტენისში ყველა მოძრაობა სასიამოვნოა. დიდი აზრი აქვს პლასტიკურობას, მოძრაობას. ყველა ილეთი სასიამოვნოა. რეფლექსებია საჭირო, ძლიერ დარტყმულზე უნდა მოახდინო რეაგირება. მაგიდაც და ბურთიც პატარაა და შესაბამისად პატარა შეცდომას შეუძლია ვითარების შეცვლა“ - ამბობს ზუკა.



ფოტოზე: პანდემიის შემდეგ ჩატარებული პირველი ტურნირის გამარჯვებულნი

იგი აღნიშნავს, რომ ტენისი ადამიანის განწყობისთვის ძალიან დადებითად მოქმედებს. პირველ რიგში, ადამიანს უვითარებას სისწრაფეს, ადამიანი ეჩვევა დროულ რეაგირებას.

ორგანიზაციის დირექტორია დავით ღამბაშიძე. მან ტენისის კლუბი 4 წლის წინ დაარსა. იგი ამბობს, რომ იმ დროს ქალაქში არ იყო მსგავსი სახის კლუბი.



მისი თქმით, კლუბში სხვადასხვა დროს, 60-ზე მეტი ადამიანი თამაშობს. ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მთლიანად კერძო სექტორის ხელშეწყობით ფუნქციონირებს:

,,რომ გითხრათ, რომ რაიმე დახმარებას საჭიროებს ჩვენი კლუბი, ასე არაა. მთლიანად დამოკიდებული ვართ კერძო სექტორის მხარდაჭერაზე. უამრავი კომპანიაა, რომელიც სპონსორობის სურვილს გამოთქვამს. ასე, რომ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი კლუბი თავის თავს ინახავს'' - გვეუბნება კლუბის ხელმძღვანელი.



ფოტოზე: სასტუმროს მფლობელი გამარჯვებულ მოზარდებს საცურაო აუზის მოსაწვევებით ჩუქნით

დავით ღამბაშიძეც თავის დროზე ტენისის მოყვარული იყო. ამბობს, რომ გათვლაც სწორედ იმაზე გააკეთა, რომ ქალაქში მსგავსი შეკრების ადგილი იყო.

,,ძალიან ბევრმა ადამიანმა იცის, თუ რა მნიშვნელოვანია ტენისი ადამიანისთვის, მისი განწყობისთვის. ამიტომ, კერძო სექტორი ყოველთვის დაინტერესებულია იმით, რომ ამ კლუბმა იარსებობს, იმიტომ, რომ თვითონაც არიან ჩართულები ამ სპორტში, მოსწონთ, თამაშობენ და ა.შ.“ - გვეუბნება დათო.

მისი კლუბის სპონსორები, ბოლო ტურნირის დროს, გორის ერთ-ერთი მსხვილი სუპერმარკეტი და ახლადგახსნილი სასტუმრო იყო.



ფოტოზე: გიგი კარბელაშვილი

ტურნირში გამარჯვებულებს სპეციალური ჯილდოები კაფე-ბარისა და სასტუმრო ,,Georgia Gold''-ის ხელმძღვანელმა ანა ლურსმანაშვილმა გადასცა. მან ასევე აღნიშნა, რომ წარმატებულ მოთამაშეებს სასტუმროს საცურაო აუზში შეუძლიათ მისვლა.

გიგი კარბელაშვილი ერთ-ერთია იმ მოზარდებს შორის, რომელიც ტენისის კლუბში სულ ახლახანს მივიდა. ის ამ სპორტით 4 თვის წინ დაინტერესდა. იმდენად მოწადინებული იყო, რომ 25 ივნისს ტურნირში პირველი ადგილიც აიღო:

,,ადრე მეგობარმა მითხრა, რომ გახსნილი იყო ტენისის კლუბი და დავიწყე თამაში. ტენისს სჭირდება სიძლიერე, მოხერხებულობა. რა თქმა უნდა, არის გასართობი. დღეში დაახლოებით 2-3 საათი ვვარჯიშობ და ვთამაშობ.“ - ამბობს გიგი კარბელაშვილი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები