ახალი ამბები
პრობლემები აბრევსა და წინაგარაში
გამყოფ ხაზთან მდებარე ახალგორის რაიონის სოფლებს ზაფხულობით წყლის პრობლემა აწუხებთ. დე-ფაქტო რესპუბლიკის სააგენტო „რესის“ ცნობით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში წინაგარისა და აბრევის მოსახლეობაა. ეს სოფლები გორისა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებს ემიჯნება.

რამდენიმე დღის წინ, ამ სოფელში ახალგორის/ლენინგორის რაიონის ადმინისტრაციის უფროსი ვლადიმირ გულიევი ჩავიდა და მოსახლეობის პრობლემები მოისმინა.

როგორც ადმინისტრაციის პრეს-მდივნის ანჟელა კოკოევას განცხადებაშია აღნიშნული - მიმდებარე სოფლების მოსახლეობის მთავარ პრობლემას სასმელი წყალი, გზები და გარეგანათება წარმოადგენს.

სასმელი წყლის პრობლემის შესახებ გულიევს სოფელ აბრევის მოსახლეობამ მიმართა.

როგორც აბრევის გამგებელი ალან ხოზიევი განმარტავს, ,,საქმე იმაშია, რომ მოსახლეობის ნაწილი სასმელ წყალს სარწყავადაც იყენებს და ნაწილს საკვების მოსამზადებლადაც კი ვერ ჰყოფნის.“

წინაგარაში იმყოფებოდა ასევე დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი ალან მარგიევი.

”ორი ან სამი კვირის განმავლობაში ჩვენ გავაგზავნით ახალ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას წინაგრის ზონაში, კერძოდ სამ ერთეულ სათესლეს და ერთი კომბაინს, გუთანს ტრაქტორებისთვის, კულტივატორებს და ბალერს”, - განაცხადა ალან მარგიევმა.

გულიევი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ წინაგარში, მისივე თხოვნით, ცხინვალის საცხობი კომბინატი გახსნის მაღაზიას, რომელიც სოფელს მოამარაგებს პურით და სხვა ნაწარმით.

კვირაში რამდენჯერმე კომპანიის მანქანა სოფლებსაც დაათვალიერებს.⠀

როგორც ვლადიმირ გულიევმა განმარტა, რაიონის საბინაო და კომუნალური სამსახურები შეიძენენ სპეციალურ მანქანას და გაზის ავზს შემოიტანენ რაიონში, რათა მოსახლეობამ შეძლოს ბალონების და მანქანების შევსება ადგილზე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები