ახალი ამბები
მარტოხელა ხანდაზმული - სახლში თუ თავშესაფარში?!


მთელ სოფელში სამშენებლო ტექნიკა მუშაობს და გზებზე აუტანელი მტვერია. სასმელი წყლის მილები გაჰყავთ და ამიტომ შიდა გზებიც კი გადათხრილია. ტრაქტორის ხმა და მუშების ყვირილი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავისთვის, ახლა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.


ამ ფონზე, განსაკუთრებულად ლამაზია მარიზა ნონიკაშვილის სახლისკენ შესასვლელი ჩიხი. ხეებით და ბუჩქებით დაფარულ ორღობეში სიგრილეს იგრძნობთ. ლამაზი, ორსართულიანი სახლიც სწორედ ამ სიმწვანეშია ჩაფლული. მთელი სოფლის ჩიტებსაც თითქოს აქ მოუყრიათ თავი.

დიდი თეთრი თუთა თვალს მოგწყვეტთ. მცირე ხნით შეგაჩერებთ და გიბიძგებთ, რომ ტოტები დაწიოთ და ტკბილი ნაყოფი იგემოთ.

ამიტომაც არ გაგიკვირდებათ, რომ თითქმის 80 წელს მიღწეულ მარიზა ნონიკაშვილს არ სურს ამ სახლის მიტოვება. მაგრამ, ის ორსართულიანი ლამაზის სახლის მხოლოდ ერთ ოთახში წევს და გადაადგილება არ შეუძლია. წელიწადზე მეტია მეორე სართულზეა გამოკეტილი და აივანზე გასვლაც უჭირს.

ავუყევით კიბეს, ღია კარი შეგვხვდა. შორიდანვე დავუძახეთ მასპინძელს, რომ ჩვენი მისვლა წინასწარ სცოდნოდა.

- მობრძანდით, - მივიღეთ პასუხი.

ოთახის ჭიშკრიდანვე მიხვდებით, რომ ქალი აუტანელ პირობებში ცხოვრობს. ჯერ დიდი კორიდორია, იატაკი მტვრით სავსე, ფანჯრებზე აბლაბუდების ქსელია. თითქმის 35 გრადუსიან სიცხეში ოთახი არ ნიავდება. ჭურჭელი, სკამები, ბოთლები, - ყველაფერი ერთ სივრცეშია მოქცეული. მარიზა ნონიკაშვილს ყველა ის ნივთი ახლოს უწყვია, რაც ყოველდღიურად ჭირდება.

- რატომ ხართ ასე? - ეს არის პირველივე კითხვა, რომელიც იქ მისულ უცხო ადამიანს გაუჩნდეს.

- არავინ მყავს და ამიტომ’’.

შევდივართ ნახევრადჩაბნელებულ შიდა ოთახში, აქ ცოტა სიგრილეა, თუმცა თვითონ მასპინძელიც ხვდება, რომ სინესტე შეგვაწუხებს, ამიტომ, არ იმჩნევს, რომ ვცდილობთ ღია კართან დავსხდეთ.

მარიზა ნონიკაშვილს არ აქვს ოჯახი. ის სოფელში მას შემდეგ დაბრუნდა, როდესაც თბილისის მე-8 საავადმყოფოდან პენსიაში გავიდა. წლების განმავლობაში ნევროპათოლოგად მუშაობდა და 1990-იან წლების დასაწყისში, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ექიმადაც ითვლებოდა.

,,რატომ ვარ ასე და თავის დროზე რომ არ ვიფიქრე სიბერეზე, ეს იმის ბრალია’’ - გვიპასუხა მასპინძელმა. ამის შემდეგ ცხოვრების მნიშვნელოვანი წლების შესახებ მოყოლა დაიწყო.



ჩვენი მასპინძელი თვლის, რომ რაც უნდა წარმატებული იყოს ადამიანი ცხოვრებაში, მარტოხელა ადამიანს ყველაზე უკეთ საკუთარი ოჯახის წევრები მოუვლიან, ვიდრე სხვა მომვლელი ან სახელმწიფო.

ჩვენ კი მაშინვე გვახსენდება ის ადამიანები, რომლებიც სწორედ შვილებისა და შვილიშვილებისგან მიტოვებულნი ცხოვრობენ მოხუცთა თავშესაფრებში: ,,ბევრს ყავს შვილებიც და შვილიშვილებიც, მაგრამ უარეს დღეში არიან’’ - ვცადეთ საწინააღმდეგო თეორიის განვითარება ქალთან, რომელიც წლების განმავლობაში, უამრავ ადამიანს მკურნალობდა, ეხმარებოდა და უზრუნველი ცხოვრება ჰქონდა. ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ამ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.

დაავადება სახსრების ტკივილით რამდენიმე წლის წინ დაეწყო, შემდეგ გაურთულდა და დღეს გადაადგილება უჭირს.

,,მყავდა მომვლელი, მაგრამ არ მომწონდა. მოდიოდა კვირაში ერთხელ მაინც, მაგრამ ვერ შევეწყე’’ - გვითხრა მარიზა ნონიკაშვილმა. მოგვიყვა, რომ უამრავი ადამიანი შეაწუხა, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგრამ არ გამოჩნდა ისეთი პიროვნება, რომელიც კვირაში 50 ლარად სახლს დაალაგებდა.

რელიგიურ დღესასწაულებზე ადგილობრივ ხელისუფლებას მარიზა არ ავიწყდება – უგზავნის ვერმიშელს, მაკარონს, ფქვილს.

,,მოაქვთ და აქ გამოფენასავით აწყობენ, მაგრამ რაში ვიყენებ? ვერ ვრეცხავ კარგად და ვერც ვამზადებ მისგან საჭმელს. ამიტომ, მაღაზიის პატრონს მოაქვს ხოლმე ნახევარფაბრიკატები და იმას ვამზადებ’’ - ყვება მარტოხელა ქალი.

საწოლის წინ სკამზე დენის ქურა უდგია. ამ ქურაზე ამზადებს ნახევარფაბრიკატებს და ასე გადის მისი დღეები.

,,სახლის დალაგებაში მიხმარება’’ - ეს საკითხი სასაცილოდ არ ეყოთ მერიაში. ,,ვინ უნდა დაულაგოს და ახლობელმა, ნათესავმა’’ - გვითხრა გორის მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა დავით ჩიხრაძე. ის თვლის, რომ ხელისუფლება რასაც სთავაზობს უმწეო მოხუცებს, ის აპრიორი უნდა მიიღოს, ხოლო მეორე ხარისხოვანია იმის გარკვევა, თუ რა სჭირდება მარტოხელა ადამიანს და როგორ შეიძლება მისი დახმარება.

ასეთი ინდივიდიალური მიდგომის პრაქტიკა რომ არ არსებობს მერიაში, ეს კარგად იცის ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა, თეა თედლიაშვილმა. მან და მისმა კოლეგებმა ცოტა ხნის წინ რეგიონში 300-ზე მეტი ხანდაზმული მოინახულეს, ზოგი – მარტოხელა, ზოგი – სოციალურად დაუცველი.

ამ შესწავლის შედეგად მათ დაადგინეს, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ გადახედოს არსებულ პრაქტიკას და მერი ყურადღება დაუთმოს ინდივიდუალურ შემთხვევებს.

როგორც თეა თედლიაშვილი ამბობს, მუნიციპალიტეტში არსებობს ბევრი ორგანიზაცია, რომელიც შინმოვლის პროგრამას წარმატებულად ახორციელებენ. თუმცა, რესურსები იმდენად მწირია, რომ მაგალითად ,,კარიტასი’’ და ,,სამარიტელთა კავშირი’’ სერვისების მიწოდებას ყველა ადამიანზე ვერ აუვა:

,,მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი რესურსი უნდა დაიხარჯოს ასეთ ორგანიზაციებზე, რომლებიც შინმოვლის პროგრამას ახორციელებენ. აუცილებელია, ხანდაზმულთა თავშესაფრები, მაგრამ ასევე აუცილებელია იმ ადამიანებზე ზრუნვა, რომლებსაც არ სურთ ხანდაზმულთა სახლში ყოფნა. მათ ურჩევნიათ, რომ სახელმწიფო სერვისები სახლში მიიღონ:

,,შეიძლება ორგანიზაციის სერვისები ძალიან კარგია, მაგრამ ინდივიდუალურად ეს კონკრეტული ადამიანისთვის მიუღებელი იყოს. თუკი უფრო მეტი ადამიანი იქნება ჩართული ამ სერვისის მიწოდებაში, უფრო მეტი არჩევანი ექნება ხანდაზმულს.’’ - ამბობს თეა თედლიაშვილი.

მარიზას შემთხვევაში ის თვლის, რომ ხანდაზმულ ადამიანს უნდა ჰქონდეს ისეთი შემოსავალი, რომლითაც შესაძლებელი იქნება სასურველი მომვლელის დაქირავება და სერვისის მიღება. სხვა შემთხვევაში, მუდმივად იარსებებს ასეთი კონფლიქტები.


Print

სტატიის გამოყენების პირობები