ახალი ამბები
ქვეყნის მასშტაბით ერთიან ეროვნულ გამოცდებს 38 400-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებს
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. დღეს აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ.

როგორც შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, გამოცდები წელსაც კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება. აბიტურიენტებს, რომლებსაც დადასტურებული ექნებათ კორონავირუსი, გამოცდებს მოგვიანებით, სპეციალურად დანიშნულ სესიაზე ჩააბარებენ.

საქართველოს მასშტაბით გახსნილ ოცდახუთივე საგამოცდო ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

გამოცხადდა დილის სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტების 94%. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაიგვიანა ოთხმა აბიტურიენტმა. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება.

რეგისტრაცია 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 700-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 12 800-ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატია დარეგისტრირებული.

მასწავლებლის საგნის გამოცდაზე, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა - ამ ჩამონათვალში არიან ის აპლიკანტებიც, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები