ახალი ამბები
ბოთლების შემგროვებელი ქალი და მოსწავლეები რუსიკო ბებოსთვის
გორში მცხოვრები რუსიკო რატიანის ყოველდღიური საქმიანობა ნაგავსაყრელზე წვრილმანი ჯართის, პოლიეთილენისა და თუნუქის ბოთლების მოგროვებაა. ასაკისა და რთული ცხოვრების გამო ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, თუმცა როგორც თავად ამბობს, მოწყალების თხოვნას მაინც მძიმე შრომა ურჩევნია. ხანდაზმული ადამიანის ყოფის შემსუბუქება ხიდისთავის სკოლის ეკო კლუბის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს. საკუთრ სოფელში ნაგვის ერთი ურნა სწორედ ბოთლების შესაგროვებლად გამოყვეს. აღებულ თანხას კი, რუსიკო რატიანს გაუგზავნიან.

რუსიკო რატიანი ამბობს, რომ მისი ყოფის შესახებ, შვილი ძალიან განიცდის, რომელიც ემიგრანტია და საზღვარგარეთ მუშაობს. შემოსავალი იმდენი არა აქვს, რომ ყოველთვიურად დედას უგზავნოს. თანაც, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რომელსაც თავის მხრივ საკუთარ შვილებზე ზრუნვაც უწევს:

„მგონი ახლა გავხდი 80 წლის. მაისში რომ ვარ დაბადებულიმ ზუსტად მახსოვს_3 მაისს. ეს არის ჩემი საქმე, გარეთ სიარული და ყუთებში ქექვა. დილიდან გამოვდივარ და ვაგროვებ ბოთლებს ან ალუმინის ქილებს. საღამომდე დავდივარ და ვაგროვებ. რამოდენიმე დღისას შევაგროვებ, შემდეგ დიდ „ტაჩკაზე“ დავდებ და ჩასაბარებლად მიმაქვს. ნაგვის ურნებშიც ვიხედები, რომ ჯართი შევაგროვო. ისეთ დროს გავდივარ, როდესაც ხალხი არ მოძრაობს, რადგან მაინც მერიდება. ადრე ასეთი არ ვიყავი ვშრომობდი და სახლიც სუფთად მქონდა“

ხანდაზმული ქალი საერთო საცხოვრებელი კორპუსის ერთ ოთახში ცხოვრობს, თუმცა შეგროვებული ჯართისა და უსარგებლო ნივთების გამო 5 კვ.მ. ოთახში შესვლაც კი შეუძლებელია. ამიტომ დასაძინებლად შვილის ერთოთახიან ბინაში მიდის, რომელიც მისი სახლიდან 1 კილომეტრში მდებარეობს.

„ჩემი საქმიანობის გამო მეზობლებმაც შემიძულეს. სულ მეჩხუბებიან „ნუ დადიხარ, ნაგავს ნუ აგროვებ, ახლა ვირუსებია და გადაგვედება ყველას“_ო. ამის გამო სახლში ვეღარ მიმაქვს ჯართი და ხან ბუჩქებში ვმალავ და ხან სად, რომ მერე ერთიანად ჩავაბარო.“_ გვიყვება რუსიკო და დასძენს, რომ მისი შვილის სახლშიც ინახავს ნაგავსაყრელზე შეგროვებულ ნივთებს.

„პანდემია რომ იყო ხელთათმანებით ვაგროვებდი და პირბადეც მეკთა. რავიცი ჯერჯერობით არ გადამედო. რაღაც პერიოდი ჯართის ჩასაბარებელი პუნქტიც დაკეტილი იყო და მაშინ მხოლოდ პენსიაზე ვიყავი დამოკიდებული. მადლობა ღმერთს ახლა ისევ გაიხსნა. ჩაკეტილები რომ ვიყავით, მაშინ კი არიგებდნენ საჭმელს, მაგრამ ჩემთვის ერთი ნამცეცი არავის არაფერი მოუტანია.“

ამბობს, რომ ბავშვობიდან მძიმე ცხოვრება ჰქონდა, თუმცა შრომა არასოდეს დაზარებია და კომბინატის ბამბეულის ქარხანაშიც საუკეთესო თანამშრომელი იყო.

„ჯერ სვანეთში ვცხოვრობდი, ექვს წლამდე იქ ვიყავი, მერე აფხაზეთში გადავედით საცხოვრებლად. აფხაზეთიდან ომამდე წამოვედი, მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი. თბილისში მინდოდა ცხოვრება, რადგან იქ ჩემი ერთადერთი ძმა ცხოვრობდა და მინდოდა მასთან ახლოს ვყოფილიყავი, მაგრამ არ ჩამწერეს თბილისში. გორში სვანი ნათესავი გოგონები მუშაობდნენ, ამიტომ , მათთან ჩამოსვლა გადავვწყვიტე და შემოვრჩი აქაურობას. მუშაობა კომბინატის სახვევში დავიწყე. ისე ვმუშაობდი, სმენა რომ დამიმთავრდებოდა და ჩემი შემცვლელი მოვიდოდა, მე სხვა დაზგასთან გადავდიოდი და კიდევ ვმუშაობდი ნახევარ სმენას. პირველი მე შევდიოდი კომბინატში, ვუკაკუნებდი დარაჯებს, რომ ქარხნის კარი გაეღოთ, აი ასეთი მშრომელი ვიყავი.“_ იხსენებს რუსიკო და წუხს, რომ მთელი ცხოვრების ნაშრომი და ნაგროვები 120 000 მანეთი შევარდნაძის დროს სახელმწიფომ წაართვა.

„მხოლოდ ერთი შვილი გამიჩნდა, მეტი არა. ძალიან მიყვარს ბავშვები, მაგრამ ღმერთმა მეტი არ მომცა. ეგ ერთი შვილი მყავს და ისიც ავადმყოფია. 8 ოპერაცია აქვს გაკეთებული. ცოცხალი რომ არის, ის მიხარია. კი დაამთავრა უმაღლესი, პროფესიით ექიმი-სტომატოლოგია, მაგრამ არ გაუმართლა ცხოვრებაში და ახლა თურქეთში ცხოვრობს, ფხვნილების მაღაზიაში მუშაობს. მე ვერ მეხმარება, რადგან იქ თვითონაც ქირით არის, ორი შვილი ყავს, თავის თავს ძლივს აუდის.“

რაც სამსახური დაკარგა, რუსიკო მას შემდეგ პენსიით ცხოვრობს.

„ცოტა ხნის წინ, ორი თვის პენსია ერთად ავიღე, შვილთან მინდოდა წასვლა და დამეკარგა. დანაზოგი მქონდა, ათი ცალი 5 ლარიანი მოვაგროვე და ისიც პენსიასთან ერთად დავკარგე. ამ ჯართსაც რომ ვაბარებ, არაფერი მრჩება. თან ფულსაც ხომ ვხარჯავ. ბევრის ტარებაც მიჭირს - წელი მიშეშდება. პლასტმასებსაც ვაბარებ ხოლმე, კილოგრამში 2 კაპიკს მაძლევენ. მოზრდილი „ტაჩკა“ მაქვს, იმაზე დავუდებ რამოდენიმე დღის ნაგროვებს და მიმაქვს.“_გვიყვება 80 წლის ქალბატონი და ამატებს, რომ მისი დღიური რაციონი გამომუშავებულ თანხაზეა დამოკიდებული.

„ ხან „კალბასსაც“ ვყიდულობ ხოლმე. ახლაც მაქვს ნაყიდი და ჩემი შვილის სახლში დავტოვე. 2.50 ლ. გადავიხადე, მოხვეული ძეხვი იყო, მაგრამ არაფრის გემო არ ქონდა. არ ვარგოდა. ძირითადად ჩაის დავლევ ხოლმე. ჩავიყრი პურს და ესე ვსვავ. ადვილ რაღაცეებს ვჭამ ძალიან ძვირფასს რაღაცეებს ვერ ვყიდულობ და ვერც ვაკეთებ. როგორ ვარ ცოცხალი, ის მიკვირს, მაგრამ ჩემი შვილის გულისთვის, მაინც მინდა, რომ ვიცოცხლო.“

შვილთან თურქეთში წასვლაზე ხშირად ფიქრობს, მაგრამ მძიმე პირობების მიუხედავად თავის ქალაქთან განშორება უჭირს. ამბობს, რომ ასე ცხოვრებას თითქოს მიეჩვია.

„შვილი მეძახის, დედა ჩამოდი ჩემთანო. მშიერს არ დაგტოვებ, მაგრამ ვერ ველევი ჩემს საქართველოს ხალხო, რა გავაკეთო, მიყვარს ქართველი ხალხი ძალიან. ვერავის ვერ შევიყვარებ ისე. თავიდან ჩემი შვილი რომ წავიდა, მე შვილიშვილი დამიტოვა, შემდეგ ბავშვი ჩავუყვანე, მაგრამ მე ვერ გავჩერდი და მალევე ჩამოვედი.“

რუსიკო რატიანი სოციალურ დახმარებას წლების მანძილზე იღებდა და მისი თქმით ეს მისთვის დიდი შეღავათი იყო. ახლა წუხს, რომ დახმარება, მისამართის შეცვლის გამო, მოუხსნეს და მისი აღდგენა ვეღარ მოახერხა.

„სოციალური ახლახანს მომიხსნეს, მისამართის შეცვლის გამო. მე სოფელ აძვში მეორედ ვიყავი გათხოვილი. ჩემს მეუღლეს შვილებიც ყავდა და შილიშვილებიც. ძალიან კარგი ადამიანები არიან, ახლაც ძალიან მიყვარს ისინი. სოციალურს იქ ვიღებდი. მერე ქმარი რომ დამეღუპა, აღარ გავჩერდი იქ და წამოვედი. ისინიც ვიწროდ ცხოვრობდნენ და ვეღარ გავჩერდი. იმათ ჩამოჰქონდათ ხოლმე სოციალურის პენსია ჩემთან, მაგრამ მას შემდეგ რაც დააფიქსირეს, რომ იქ აღარ ვცხოვრობდი. მომიხსნეს. ვიყავი მისული მისამართის შეცვლაზე დავწერე განცხადება, მაგრამ აღარ დამინიშნეს.“
სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ რუსუდან რატიანს განცხადება, ხელახალი დახმარების მიღების შესახებ, არ დაუწერია. ამიტომ, იმედოვნებენ, რომ დროულად მიაკითხავს და მოხდება მისი შესწავლა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები