ახალი ამბები
ძამის ხეობაში მიწების უკანონო რეგისტრაციის ფაქტზე 6 პირი ამხილეს
ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ექვსი პირის მიმართ დაიწყეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ - ერთმა ბრალდებულმა, მუნიციპალიტეტის მერიის ორი თანამშრომლისა და სამი ცრუ მოწმის დახმარებით, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში მდებარე ოთხი მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 5477 მ2. მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთების საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს 52 678 ლარს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გამოძიების დაწყებისთანავე,  მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები დააყადაღა.

წითელსოფელი (ყოფილი შავსოფელი) მდებარეობს მდინარე ძამის ნაპირზე, ქარელიდან 13 კილომეტრში და შედის ზღუდრის თემში. ამჟამად ეს სოფელი მკვიდრი მოსახლეობისგან დაცლილია, რადგან ეთნიკური ოსები 1990-იან წლების კონფლიქტის დროს ჩრდილოეთ ოსეთში გაიხიზნენ.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 362-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

Print

სტატიის გამოყენების პირობები