ახალი ამბები
თბილისში პარლამენტის შენობასთან მდუმარე აქცია იმართება
თბილისში, პარლამენტის შენობასთან, მდუმარე აქცია იმართება, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ, სოციალურ ქსელში დაიგეგმა.

აქციაზე პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები იმყოფებიან, მას “თბილისი პრაიდის” წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. 

“გირჩი — მეტი თავისუფლება” მოქალაქეებს მოუწოდებს, პარლამენტთან მივიდნენ და ყველას დაანახონ, რომ საქართველოში “ცივილიზებული, ნორმალური ადამიანები ცხოვრობენ”. 

პარალელურად, პარლამენტთან კონტრაქციაზე, შეკრებილები არიან ჰომოფობიური ჯგუფის წევრები.

გუშინ, 5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად, ჰომოფობიური ჯგუფები საპატრიარქოს ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. ძალადობრივმა ჯგუფებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. რამდენიმე მათგანი ახლაც საავადმყოფოშია. აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით, ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემდნენ, აგინებდნენ, აპარატურას სტაცებდნენ და უმტვრევდნენ. გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

წყარო: ნეტგაზეთი
Print

სტატიის გამოყენების პირობები