ახალი ამბები
ოპერატორის გარდაცვალების გამო გორში აქცია გაიმართა
გორის ცენტრალურ მოედანზე, ჟურნალისტებმა აქცია გამართეს. მათ სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ.

საპროტესტო აქცია ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო, სპონტანტურად დაიგეგმა. აქციის მონაწილეები 5 ივლისს, თბილისში, განხორციელებული ძალადობის ორგანიზატორების დასჯას მოითხოვენ.

დღეს ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ის 5 ივლისს სიძულვილის ჯგუფების მიერ სირცხვილიას ოფისის დარბევისას მათგან ძალადობის მსხვერპლი გახდა.

გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია - მიმდინარეობს ექსპერტიზა.

ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ო.გ. და ც.ჩ.. მათ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად ლექსოს სახის ძვლები ჰქონდა დამსხვრეული და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია ძალადობის ფაქტის გახსენებისას "ფორმულას" ეთერსი ყვება, რომ მათზე 20-მდე ადამაინი ძალადობდა, მათ შორის, სასულიერო პირი. ძალადობის შემთხვევის დროს, როცა ძალადობრივი ჯგუფები "სირცხვილიას" ოფისს არბევდნენ და მედიაზე ძალადობდნენ, თვალშისაცემი იყო სამართალდამცველების სიმწირე.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები