ახალი ამბები
,,ენა ჩაგიგდოს უფალმა'' - ასე მიმართავს გორის ჰოსპიტლის ექიმი აშშ-ს ელჩს
,,ენა ჩაგიგდოს უფალმა'' - ასე ეხმაურება გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმი, კარდიოლოგი აშშ-ს ელჩის განცხადებას. კელი დეგნანმა 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ პრემიერი წამყვან როლს უნდა ასრულებდეს სიტუაციის დაწყნარებაში, როდესაც ძალადობას აქვს ადგილი და გმობდეს ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, რა თქმა უნდა, ჟურნალისტების წინააღმდეგ.

გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმი-კარდიოლოგი წერს: ,,ვინ გეკითხება, რომ ყბედობ. არ გაწყობს, რომ არ გემონებით?" - წერს ექიმი, რომელიც გიორგი აბრამიშვილის სახელობის ჰოსპიტალში მუშაობს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, რუსულ ბომბებს ემსხვერპლა.

რაც შეეხება კელი დეგნანის განცხადებას, რომელიც ექიმს არ მოეწონა, შინაარსი ასეთია:

"გულდასაწყვეტი იყო, რომ იმ დღეებში ვერ ვნახეთ უფრო ძლიერი ლიდერობა", – განაცხადა კელი დეგნანმა.

გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი წარმოადგენს მრავალპროფილურ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც ატარებს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჰოსპიტალის ტერიტორიაზე დაღუპული ექიმი-ტრავმატოლოგის გიორგი აბრამიშვილის სახელს.

ჰოსპიტალი ემსახურება როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირებს, სადაც შესაძლებელია 24 საათიანი გადაუდებელი და გეგმიური სამედიცინო მომსახურების გაწევა. სამხედრო ჰოსპიტალის მისიაა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების, საქართველოს თავდაცვის სისტემაში დასაქმებული სამოქალაქო პირების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო პენსიონერებისათვის სრული და ეფექტური სამედიცინო მომსახურების გაწევა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, გორის სამხედრო ჰოსპიტლის პრეს-სამსახურში გვითხრეს, რომ საკითხს ადმინისტრაციაში განიხილავენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები