ახალი ამბები
ადამიანი, რომელიც ღამეებს გორის ქუჩებში ათევს
ფედია ბაციკაძე გორელებს, ყოველდღიურად, ცენტრალურ ქუჩებზე, სუპერმარკეტებთან ან სოციალურ მაცივართან ხვდება.

გარდა იმისა, რომ გამვლელებს დახმარებას სთხოვს, ღამებსაც იქვე ათევს.

ფედია ბაციკაძე რეგისტრირებულია გორის რაიონის სოფელ დიცში. ჰყავს მეუღლე.

მისი მდგომარეობა გორის მერიამ შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ ფედია ბაციკაძის საცხოვრებელი სახლი დანგრეულია. მეუღლე კი, გორის რაიონის სოფელ თორტიზაში ახლობელთან ცხოვრობს.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას არც სოფელ დიცში მდებარე საცხოვრებელი სახლის შესაკეთებლად და არც უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახის წევრებზე თანხები არ გამოუყვია.

ბაციკაძეების მდგომარეობა გორის მერიამ გასული წლის ზამთრიდან შეისწავლა.

მერიის სოციალური სამსახურის უფროსი ეკა ქუთათელაძე აცხადებს, რომ ქალაქში „მიუსაფარ“ ადამიანად მხოლოდ ის რჩება.

,,ჩვენ დიდი ხანია ვთავაზობთ მათ დახმარებას, გადაყვანას თავშესაფარში, რომელიც თბილისში მდებარეობს, მაგრამ არ ჩერდება. უკან ბრუნდება გორში" - აცხადებს ეკა ქუთათელაძე.

გორის მერის მრჩეველმა შალვა ტლაშაძემ ფედია ბაციკაძე თავშესაფარში გასულ წელს პოლიციის დახმარებით წაიყვანა.

,,თავშესაფარში ისეთი პირობებია, სადაც ალკოჰოლური სასმელის მიღება აკრძალულია. შესაძლოა, სწორედ ამიტომ არ ჩერდება იქ და ისევ გორში ბრუნდება. რამდენჯერაც წავიყვანთ, იმდენჯერ უკან ბრუნდება" - აცხადებს შალვა ტლაშაძე.

როგორ შალვა ტლაშაძე აცხადებს, მეუღლეს რამდენჯერმე ქირის თანხა შესთავაზეს.

,,ფედიას მეუღლემ გვითხრა, რომ მეც ნათესავის სახლში ვცხოვრობ და აქ ვერ მოვიყვანო" - ამბობს შალვა ტლაშაძე.

ამ ეტაპზე, გორის მერია მოლაპარაკებას გორის გამგეობასთან აწარმოებს, რადგან რაიონის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს გამგეობის ბიუჯეტიდან გაეწიოს დახმარება.

გასულ 2015 წლის განმავლობაში მერიის მიერ გამოყოფილი თანხა 38 000 ლარი აღნიშნული კატეგორიის ადამიანების დასახმარებლად სრულად დაიხარჯა.

ეს თანხა 154 ადამიანზე გადანაწილდა, აქედან 23 ადამიანი ერთი წლით საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა, ხოლო 131 ადამიანმა ერთჯერადი ფულადი დახმარება მიიღო.

,,ასევე იყო ოჯახები, ვისაც სოციალურად დაუცველის სტატუსი მიენიჭა და ისინი ყოველთვიურად 60 ლარს იღებენ.“ - გვითხრა ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ეკატერინე ქუთათელაძემ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები