ახალი ამბები
ზაზა გახელაძე ანატოლი ბიბილოვმა გაათავისუფლა
1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ზაზა გახელაძემ ცხინვალის საპატიმროს დატოვა. შეწყალების დოკუმენტს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა მოაწერა ხელი.

ოსური სააგენტო ,,რესის'' ცნობით, ზაზა გახელაძე ვ. გობოზოვში გაცვალეს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას დაკავებული ჰყავდა ლარსის გამშვებ პუნქტზე. ანატოლი ბიბილოვის განცხადებით კი, მან რუსეთის პატრიარქის, კირილის თხოვნა გაითვალისწინა. რუსეთის პატრიარქს კი ზაზა გახელაძის გათავისუფლების შესახებ, საქართველოს პატრიარქმა მიმართა.

ზაზა გახელაძე დღეს ერგნეთის საგუშაგოზე ქართულ მხარეს გადასცეს. მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დახვდა. გახელაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ის გათავისუფლებას არ მოელოდა.

მანამდე, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის 101-ე შეხვედრა გაიმართა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლების საკითხებზეც იმსჯელეს.

ოსური მედიის ცნობით კი, დე-ფაქტო ხელისუფლებამ წნელისის საგუშაგოს აღება კიდევ ერთხელ მოითხოვა. მათი წარმომადგენლის, ეგორ კოჩიევის განცხადებით, საგუშაგო ე.წ. საზღვარზე ინციდენტების წარმოშობას უწყობს ხელს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასამართლომ 2021 წლის 5 თებერვალს 33-წლის ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გახელაძე, 2020 წლის 11 ივლისს, ქვემო ჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები