ახალი ამბები
ვადიმ გობოზოვის საქმე
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის, სააგენტო ,,რესის'' ცნობით, ზაზა გახელაძე ვადიმ გობოზოვში გაცვალეს. ამის გამო, დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა შეწყალების აქტს მოაწერა ხელი.

,,რესის'' ცნობით, ბიბილოვმა რუსეთის პატრიარქის, კირილის თხოვნა გაითვალისწინა და საქართველოს მოქალაქე, უკანონო პატიმრობაში მყოფი გახელაძე გაათავისუფლა. მანამდე, რუსეთის პატრიარქს, ზაზა გახელაძის გათავისუფლების თხოვნით, საქართველოს პატრიარქმა მიმართა.

ვადიმ გობოზოვის სისხლის სამართლის საქმეს გორის სასამართლოში იხილავდნენ.

კერძოდ, 1981 წელს დაბადებული ვადიმ გობოზოვი 2020 წლის 15 სექტემბერს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დააკავეს. მას ალან მუზაშვილის მკვლელობის ბრალდება წაუყენეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ბრალდებულმა და მისმა ადვოკატმა ნაფიცი მსაჯულები მოითხოვა.

2021 წლის მაისში, qartli.ge-ს გორის სასამართლოს ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ მსაჯულების შერჩევის პროცესი მიმდინარეობდა, რომელიც შესაძლებელია თვეზე მეტ ხანს გაგრძელებულიყო.

გობოზოვს წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. მას 2021 წლის ივნისში, წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა ამოეწურა. ნაფიც მსაჯულებს გადაწყვეტილება ივნისის შუა რიცხვებამდე უნდა მიეღოთ.

ჩრდილოეთ ოსეთის მედიის ცნობით, საქართველო-რუსეთის საზღვრის ნეიტრალურ ზონაში, დაპირისპირება მოხდა ჩრდილოეთ ოსეთის მოქალაქეებს შორის. 39-წლის ალან მუზაშვილმა ქვის ჩარტყმით მოკლა 64-წლის ალიკ გობოზოვი. ამის შემდეგ, ამავე მედიის ცნობით, ალიკ გობოზოვის შვილმა, 40-წლის ვადიმ გობოზოვმა შური იძია და მოკლა მამის მკვლელი, ალან მუზაშვილი. ალან მუზაშვილს საქართველოს მოქალაქეც იყო.

ჩრდილოეთ ოსეთის მედიაში ისიც აღნიშნულია, რომ 2020 წლის 17 სექტემბერს, ვადიმ გობოზოვის მამის ცხედარი საქართველოს ხელისუფლებამ ახლობლებს გადასცა. საზღვარზე ალიკ გობოზოვის ცხედარი მძღოლებმა სიგნალებით გააცილეს, შემდეგ თანხა ააგროვეს და საქართველოში მისი შვილის, დაკავებული ვადიმ გობოზოვისთვის ადვოკატი დაიქირავეს. გობოზოვის ახლობლები ფიქრობდნენ, რომ საქართველოში მკაცრად დასჯიდნენ, რადგან საქმე ეხებოდა, არა მხოლოდ რუსეთის მოქალაქის, არამედ ასევე საქართველოს მოქალაქის, ალან მუზაშვილის მკვლელობას.

Print

სტატიის გამოყენების პირობები