ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილმა ზაზა გახელაძის გათავისუფლების საქმეში შეტანილი წვლილისთვის შვეიცარიის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა
საქართველოს პრეზიდენტმა შვეიცარიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში შეტანილი წვლილისა და გაწეული ძალისხმევისათვის.

ამის შესახებ მედიას პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს. პრეს-სამსახურის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსა და შვეიცარიის პრეზიდენტს გი პარმელინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

,,თავის მხრივ, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს განუახლა მოწვევა, რადგან კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი შვეიცარიაში 2020 წელს ვერ განხორციელდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშლრომლობის გაღრმავებისა და განვითარებაზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეs პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მეტად გაღრმავების მნიშვნელობას.''- აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასამართლომ 2021 წლის 5 თებერვალს 33-წლის ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გახელაძე, 2020 წლის 11 ივლისს, ქვემო ჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს.

იგი 2021 წლის 14 ივლისს გაათავისუფლეს. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის, სააგენტო ,,რესის'' ცნობით, ზაზა გახელაძე ვადიმ გობოზოვში გაცვალეს. ამის გამო, დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა შეწყალების აქტს მოაწერა ხელი.

,,რესის'' ცნობითვე, ბიბილოვმა რუსეთის პატრიარქის, კირილის თხოვნა გაითვალისწინა და საქართველოს მოქალაქე, უკანონო პატიმრობაში მყოფი გახელაძე გაათავისუფლა. მანამდე, რუსეთის პატრიარქს, ზაზა გახელაძის გათავისუფლების თხოვნით, საქართველოს პატრიარქმა მიმართა.

ვადიმ გობოზოვის სისხლის სამართლის საქმეს გორის სასამართლოში იხილავდნენ. კერძოდ, 1981 წელს დაბადებული ვადიმ გობოზოვი 2020 წლის 15 სექტემბერს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დააკავეს. მას ალან მუზაშვილის მკვლელობის ბრალდება წაუყენეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ბრალდებულმა და მისმა ადვოკატმა ნაფიცი მსაჯულები მოითხოვა.

2021 წლის მაისში, qartli.ge-ს გორის სასამართლოს ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ მსაჯულების შერჩევის პროცესი მიმდინარეობდა, რომელიც შესაძლებელია თვეზე მეტ ხანს გაგრძელებულიყო.

გობოზოვს წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. მას 2021 წლის ივნისში, წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა ამოეწურა. ნაფიც მსაჯულებს გადაწყვეტილება ივნისის შუა რიცხვებამდე უნდა მიეღოთ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები