ახალი ამბები
გორის საკრებულოს სხდომა ჟურნალისტების პროტესტით დაიწყო
გორში მომუშავე ჟურნალისტებმა დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე მდუმარე აქცია გამართეს.

მათ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები მიიტანეს და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეახსენეს, რომ 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები დაუსჯელები არიან.

5 ივლისს, თბილისში, ლგბტ პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე, ძალადობრივი ჯგუდის წევრებმა 53 ჟურნალისტს სცემეს. ამათგან, უმრავლესობამ მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო. 7 ივლისს გარდაიცვალა ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად ექსპერტიზის პასუხი ჯერ ცნობილი არაა. შს სამინისტროს თავდაპირველი ვერსია, ნარკოტიკების ზედოზირების შედეგად დამდგარი სიკვდილი, ჟურნალისტებისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის არადამაჯერებელია.

ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე შს სამინისტროს ამ დრომდე დაკავებული ჰყავს 27 პირი, მათ შორის, არიან გორის მუნიციპალიტეტიდან. ბრალდებულები აცხადებენ, რომ ისინი 5 ივლისს, თბილისში, ლგბტ პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე შემთხვევით მოხვდნენ.

5 ივლისის შემდეგ, მედიის წარმომადგენლების მხრიდან პროტესტი არ წყდება. ჟურნალისტები პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომას ითხოვენ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები