ახალი ამბები
ადგილობრივების ცნობით, ძამის ხეობის ფაცხებში მთვრალმა პოლიციელებმა იჩხუბეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სუქანაანთუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელებს შორის ჩხუბი მოხდა.

დაპირისპირება საქეიფო ფაცხებში დაიწყო და, როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა გვითხრა, მთვრალმა სამართალდამცველებმა ჩხუბის დროს, ერთმანეთს ესროლეს.

,,ფაცხები ძალიან ახლოსაა სუქანაანთუბანში. ზოგადად, მიჩვეულები ვართ ასეთ შემთხვევებს, ყვირილს, ჩხუბს. მაგრამ, რაც ბოლოს მოხდა, საშინელება იყო. რომ დათვრნენ, მერე დაერივნენ ერთმანეთს და იარაღიდანაც ისროდნენ'' - ამბობენ სოფელში.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურში გვითხრეს, რომ უნდა მივუთითოთ კონკრეტული დღე, თუ როდის მოხდა ეს ამბავი. ასევე, საჭიროა ისიც დავადგინოთ იმ პოლიციელების ვინაობა, რომლებიც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სამინისტროში პოლიციელთა დაპირისპირების შესახებ შეტყობინება არ შესულა.

სუქანაანთუბნელებმა არ იციან, თუ რომელი განყოფილების თანამშრომლები ქეიფობდნენ. ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს ზღუდრის თემის წარმომადგენელი ზაქარია ელბაქიძე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები