ახალი ამბები
გორის მერობის სავარაუდო კანდიდატები - ,,ოცნებისა'' და გახარიას გუნდის სახელით
გორში ,,ქართული ოცნებისა'' და ,,საქართველოსთვის'' პარტიების წარმომადგენლები განიხილავენ კანდიდატებს, რომლებიც ოქტომბერში დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებზე გორის მერობისთვის იბრძოლებენ.

მმართველი პარტიის კანდიდატად ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი სახელდება, ხოლო გიორგი გახარიას გუნდი არ გამორიცხავს, რომ კანდიდატად კოტე ანანიაშვილი დაასახელონ, თუმცა, ორივე პარტიაში აცხადებენ, რომ ყველაფერი ოფიციალურ წარდგენაზე გახდება ცნობილი.

განიხილება თუ არა მერობის კანდიდატად, ამ კითხვაზე, ხინჩეგაშვილმა დღეს ერთ-ერთ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დღეს კომენტარს არ გააკეთებს.

რაც შეეხება კოტე ანანიაშვილს, მისმა გუნდის წევრებმა გვითხრეს, რომ კონსულტაციები გრძელდება. ,,ვნახოთ, კონსულტაციები გრძელდება'' - გვითხრა გორის მერის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, ერასტი ელიჯარაშვილმა.

2021 წლის თებერვალ-მარტში კონსტანტინე (კოტე) ანანიაშვილი რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის უფროსი იყო. ის შინაგან საქმეთა სამინისტროში 2005 წლიდან, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. იგი 2013-2016 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსი, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე და სამმართველოს უფროსი იყო. 2016 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები