ახალი ამბები
იაპონელ ძიუდოისტებთან შერკინების შედეგი - 2 ოლიმპიური ვერცხლი შიდა ქართლში
ტოკიოს ოლიმპიადიდან შიდა ქართლში ორი ძიუდოისტი ვერცხლის მედლით ბრუნდება. 63 კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი, ხოლო 73 კგ წონით კატეგორიაში - ლაშა შავდათუაშვილი. 

მათი მწვრთნელები გია და ანზორ თენაძეები არიან, გორის ძიუდოს სკოლის წარმომადგენლები. მარგველაშვილი და შავდათუაშვილი ფინალში იაპონელ ძიუდოისტებს შეხვდნენ.

რას ნიშნავს იაპონელებისთვის ძიუდო? ოლიმპიადის ისტორია ინახავს ერთ ასეთ ამბავს, რომელიც მონრეალის ოლიმპიადაზე მოხდა.

,,მონრეალის ოლიმპიადაზე იაპონელი მინამი დამარცხდა ფრანგ მოჭიდავესთან და ოქროს მედლის იმედი დაკარგა. როცა ეს მოხდა, იაპონიის აბსოლუტური ჩემპიონი  სასოწარკვეთილი ტატამს ახლიდა თავს. ვერა და ვერ დაამშვიდეს. იგი აღარ უნახავთ მსოფლიო ასპარეზზე. მინამიმ ვერ აიტანა მარცხი და დაემშვიდობა ძიუდოს. არასოდეს დამავიწყდება მინამის სახე, როცა ის ორად მოკეცილი დამარცხებისთვის პატიებას სთხოვა ძალზე მოხუც ჭაღარა იაპონელ მწვრთნელს. მოხუცმა მწვრთნელმა მოუსმინა ხმადაბლა, სხაპასხუპით მოლაპარაკე მოჭიდავეს, უბედურების გამო თანაგრძნობის ნიშნად მანაც მდაბლად დაუკრა თავი.'' - წერს ჟურნალისტი იან დიმოვი წიგნში ,,საქართველოს ფალავნები''.

ძიუდო (ვიკიპედიიდან) (იაპ. ძიუ — „რბილი“ + დო — „გზა“) — იაპონური ეროვნული ჭიდაობაა. მის შემქმნელად ითვლება ძიგორო კანო, რომელმაც ჯიუ-ჯიცუდან, სუმოდან შეარჩია ყველაზე ეფექტიანი ილეთები, დახვეწა თავდაცვის ხერხები და ჭიდაობის ტექნიკა, დაამუშავა შეჯიბრების წესები და ჭიდაობას სპორტული ხასიათი შესძინა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები