ახალი ამბები
,,ქართულმა ოცნებამ'' ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი საარჩევნო პროგრამაში შეიტანა
,,ქართული ოცნების'' საარჩევნო პროგრამაში შეტანილია ხაშურის წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგების საკითხი, რომლის დასრულება 2025 წლისთვისაა დაგეგმილი.

დანაპირებში არაა აღნიშნული, რომ თანხა გამოყოფილია ევროკავშირის მიერ, კერძოდ, როგორც გასულ წელს, 2020 წლის 31 ივლისს ვწერდით, საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს 58 მლნ ევროს ღირებულების ხელშეკრულებას.

,,ამ პროექტით საფრანგეთი, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მეშვეობით და ევროკავშირთან ერთად, "ევროპის გუნდის" სახელით საქართველოს დაეხმარება ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციასა და ევროკავშირის გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვაში.'' - აღნიშნა ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა.

"ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განვითარების პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქის მოსახლეობისა და მიმდებარე დასახლებების საყოფაცხოვრებო პირობებს. პროექტის განხორციელების შედეგად 40000-ზე მეტი ადამიანი უზრუნველყოფილი იქნება უწყვეტი წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებით. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს მდინარე მტკვრის წყლის ხარისხის გაუმჯობესებას. ჩვენ მოხარული ვართ იმით, რომ პროექტს მხარს უჭერს ევროკავშირი, რომლის წვლილიც მნიშვნელოვანია პროექტის მდგრადობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით," - განაცხადა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონული სააგენტოს დირექტორმა, გაელ ასაიაგმა.

"ევროკავშირი საქართველოს ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესებასა და გარემოს დაცვაში ეხმარება. ჩვენ მოხარული ვართ, რომ საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად ვიწყებთ ახალ პროექტს საქართველოს წყლის სექტორში. ამ პროექტის მიზანია, გააუმჯობესოს ხაშურში მცხოვრები იმ ძალიან ბევრი ადამიანის ყოველდღიური ყოფა, რომლებსაც არ აქვს წვდომა სუფთა წყალზე და წყალარინების მომსახურებაზე. პროექტი ასევე უზრუნველყოფს ნარჩენი წყლების გაწმენდას, რაც მიმდებარე მდინარეებსა და ნიადაგს დაბინძურებისგან დაიცავს. აქედან გამომდინარე, პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადამიანების ჯანმრთელობის, გარემოსა და ბიომრავალფეროვნების დაცვაში," - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ჯგუფის ხელმძღვანელმა, დომენიკ პაპენჰეიმმა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები