ახალი ამბები
ხოჯევანიშვილი კურსელი სამსახურიდან გამოსაცდელ ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
გორში, გიორგი გახარიას გუნდის წევრების გათავისუფლება გრძელდება. დღეს ცნობილი ხდება, რომ ბაჩანა გვიანიშვილი სამსახურიდან გაუშვეს.

ის წყალმომარაგების კომპანიის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელად 2021 წლის 28 მარტიდან მუშაობდა. მას 6-თვიანი გამოსაცდელი ვადა ჰქონდა, თუმცა უთხრეს, რომ სამსახურიდან ორი თვით ადრე უნდა წასულიყო.

ბაჩანა გვიანიშვილი საჯარო სექტორში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც 2018 წლის აგვისტოში, შიდა ქართლის გუბერნატორად გიორგი ხოჯევანიშვილი დაინიშნა. ერთ თვეში, 2018 წლის სექტემბერში გვიანიშვილს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუნიციპალური ,,აიპი'' - გორის კეთილმოწყობის სააგენტო ჩააბარეს.

2021 წლის მარტში კი გვიანიშვილი რეგიონში ერთ-ერთ მსხვილი კომპანიის, ,,გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის'' შიდა ქართლის ფილიალს ჩაუდა სათავეში. თუმცა, ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

გიორგი ხოჯევანიშვილის კადრები სამსახურებიდან მას შემდეგ მიდიან ან ათავისუფლებენ, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა და ოპოზიციური მოძრაობა დაარსა. გიორგი ხოჯევანიშვილი გახარიას გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები