ახალი ამბები
საავადმყოფოებში გაჩერდა გეგმიური სერვისები - ამირან გამყრელიძე
საავადმყოფოებში გაჩერდა ე.წ. გეგმური სერვისები და კლინიკები გადაუდებელ დახმარებაზე გადადიან.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საწოლფონდთან დაკავშირებული რესურსი ჯანდაცვის სისტემას ჯერჯერობით აქვს.

როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სხვადასხვა კლინიკებში ახალი საწოლების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

„დღეს საავადმყოფოებში არის 5 000-ზე მეტი ადამიანი. ჯერჯერობით ჯანდაცვის სისტემა ამ დაწოლას უძლებს. პიკის დროს დაახლოებით ნოემბერში ჩვენ გვქონდა 7-8 ათასი საწოლი გაშლილი, ამიტომ რესურსი ჯანდაცვის სისტემას ჯერჯერობით, საწოლფონდთან დაკავშირებით აქვს, თუმცა რთულია, მაგრამ აქვს. დაძაბულობაა სასწრაფოს გამოძახების, იგივე მოთავსებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით თბილისში, მაგრამ ყოველდღიურად ახალი საწოლების რაოდენობა ემატება სხვადასხვა კლინიკაში. გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მითითებით გაჩერდა ე.წ. გეგმური სერვისები საავადმყოფოებში და საავადმყოფოები ურგენტულ სერვისებზე გადადიან და შესაბამისად მოხდება საწოლფონდის კიდევ უფრო გამოთავისუფლება“ , - განაცხადა გამყრელიძემ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები