ახალი ამბები
ორი თვეზე მეტია გორის ჰოსპიტალი ქალაქის წყალმომარაგებაზეა დამოკიდებული
გორის ჰოსპიტლის სასმელი წყლის რეზერვუარი მწყობრიდან გამოვიდა. ჰოსპიტლის ჭაბურღილიდან  დაგროვებულ წყალში კი ნაწლავური ჩხირები აღმოაჩინეს. ამის გამო, ორ თვეზე მეტია, რესპუბლიკაში ერთ-ერთი მსხვილი კოვიდცენტრი ქალაქის წყალმომარაგებაზეა დამოკიდებული.

მაისის თვეში სასმელი წყლის გეგმიური შემოწმებისას წარმოდგენილი დასკვნიდან გამოიკვეთა, რომ სასმელ წყალში (ნიმუში აღებული იქნა რეზერვუარიდან) გამოვლინდა კოლოფორმული ბაქტერიები და ნაწლავის ჩხირი, პრობლემის აღმოსაფხვრელად განხორციელდა რეზერვუარის ქლორიანი კირით დამუშავება, სასმელი წყლის ნიმუში ივნისის თვეში განმეორებით იქნა ლაბორატორიულ კვლევაზე გაგზავნილი, მაგრამ კვლევის შედეგად დადგინდა, რომ რეზერვუარში არსებული სასმელი წყალი ისევ არის სასმელად გამოუსადეგარი. არაგეგმიურად, დამატებით მოხდა რეზერვუარის ქლორიანი კირით დამუშავება, თუმცა უშედეგოდ.

სამხედრო ჰოსპიტლის სასმელი წყლით მომარაგება ხორციელდება სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორიაზე არსებული 100 ტონიანი წყლის მიწისქვეშა რეზერვუარიდან, ადმინისტრაციის ცნობით, სასმელი წყლის ლაბორატორიული შემოწმება ხორციელდებოდაა ყოველ თვე, ხოლო რეზერვუარის ქლორიანი კირით დამუშავება წელიწადში ორჯერ გეგმიურად.

სამხედრო ჰოსპიტლის სანიტარული ექიმის 2021 წლის 22 ივლისის მოხსენებითი ბარათში აღნიშნავს, რომ სამხედრო ჰოსპიტალი სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგებისთვის იყენებს ადგილობრივ წყალმომარაგების ჭაბურღილის წყალს, რომელიც მიერთებულია 100 ტონა მოცულობის მქონე რეზერვუართან, საიდანაც მიეწოდება ჰოსპიტალის ყველა განყოფილებას.

,,რეზერვუარის დათვალიერებისას გამოვლინდა, რომ რეზერვუარის კედლებზე, ჭერსა და იატაკზე შეინიშნება დაზიანებები ღრმულებისა და ბზარების სახით, კედლები ეროზირებულია. აღნიშნული დაზიანებების აღმოსაფხვრელად საჭიროა რეზერვუარის კაპიტალური რესტავრაცია, უნდა მოხდეს კედლების ზედაპირის დამუშავება, შემდგომ ქვიშა ცემენტის ხსნარით შელესვა და ეკოლოგიურად სუფთა მოზაიკური ფილის შემოკვრა.'' - აღნიშნავს ინჟინერი.

როგორც ჰოსპიტლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რეზერვუარის რესტავრაცია სექტემბრის შუა რიცხვებამდე დასრულდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები