ახალი ამბები
რუის-ურბნისის ეპარქიის პრეს-მდივანი კორონავირუსის პრევენციის მიზნით საჯაროდ აიცრა
მღვდელმონაზონი იერონიმე საჯაროდ აიცრა. მისი თქმით, ცხოვრების მანძილზე არაერთი აცრა ჩაიტარა:

,,სიცოცხლის სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა ტიპის ვაქცინამ მრავალი დაავადების გადატანისა და გართულებისგან გვიხსნა მრავალგზის. ესეც მათ შორის ერთ-ერთია, რომელიც Covid-19 ვირუსის გართულებისგან დაგვიცავს მაქსიმალურად.'' - აღნიშნავს მღვდელმონაზონი.

ის უფლის მადლიერია, რადგან კაცობრიობას მეცნიერება მიანიჭა.

მღვდელმონაზონი იერონიმე რამდენიმე თვეა რუის-ურბნისის ეპარქიის პრეს-სამსახურს ხელმძღვანელობს. ამჟამად, საბერძნეთშია, სადაც პფაიზერის ვაქცინით აიცრა.

ცნობისათვის, რუის-ურბნისის ეპარქიის მეუფე იობმა ჯერ კიდევ 2020 წლის 15 აპრილის ქადაგების დროს განაცხდა, რომ 19 აპრილს, აღდგომა დღეს კორონავირუსი დამარცხდებოდა. იგი ამბობდა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, მასონური გადაწყვეტილება იყო.

იობი ამბობდა, რომ კორონავირუსი ჩვეულებრივი ვირუსი იყო:

,,ეს ჩვეულებრივი ვირუსია, ადამიანებს უსიმპტომოდ გადაუვლიათ და განკურნებულან. არანაირი საშიშროება არ არსებობს, ეს არის ხელოვნურად თავსმოხვეული ფსიქოზი. რეპეტიციაა იმისა, თუ რამდენად წინააღმდეგობას გაუწევს ხალხი საერთო მასონურ გადაწყვეტილებას, რასაც ჰქვია საგანგებო მდგომარეობა. დღეს ამბობენ, რომ აი, სასულიერო პირი დაავადდა. სასულიერო პირი არ სცოდავს? ის ანგელოზი ხომ არ არის. შეიძლება ცოდვის ნაყოფია, რაც დაუშვა უფალმა. ეს ჩვენ ხომ არ ვიცით - თვითონ იცის და მისმა მოძღვარმა. შემთხევით არაფერი ხდება. რახან შესცოდა... ყველა ვცოდავთ, მეც ვცოდავ.. არ არის კაცი, რომელიც არა სცოდოს და არ სცხონდეს. აღდგომა ყოფილიყოს ჩოვიდ 19-ის დამამრცხებელი. იმედი უნდა გვქონდეს, რომ სწორედ მაგ დღეს დამარცხდება ვირუსი". - განაცხადა მიტროპოლიტმა 2020 წლის აპრილში.

თუმცა, 2020 წლის ნოემბრისთვის დამოკიდებულება შეცვალა და აღნიშნა, რომ ვირუსი ნამდვილად არსებობს. იგი მადლობას უხდიდა ექიმ ლევან რატიანს, რომლის ძალისხმევით, კორონავირუსი დაამარცხა. იობმა მრევლს მოუწოდა, რომ დაიცვან დისტანცია და პირბადე გამოიყენონ.

,,დღეს რომ ეპიდემია მძვინვარებს, ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს სპეციალური ლოცვა, მე რამდენჯერმე წავიკითხე და თქვენც, მოგიწოდებთ სასულიერო პირებს წაიკითხოთ, ერის სვლისათვის, სვლა ნიშნავს მოსპობას, ავადმყოფოფა როცა მძვინვარებს. ესაა ღვთის კურთხევაში და უცილებლად წაიკითხეთ. ეს ყველა სასულიერო პირმა უნდა წაიკითხის ლოცა, რომ შეჩერდეს ეს ეპიდემია. ეს რეალობაა, ვირუსი მართლა არსებობს, მართლაც აგრე მღვდელმთავრები არიან დაავადებულნი, სასულიერო პირები, მონაზვნები არიან, უბრალოდ, ზოგიერთი არ ამჟღავნებს და არ ამბობს, რომ ამით ვარ დაავადებული. ამიტომ, ჩვენ რასაც მოგვიწოდებენ ექიმები, უნდა შევასრულოთ. პირბადე, დისტანცია. ჩვენი უსაფრთხობისთვის, მოყვასის უსაფრთხოებისთვის. ამაში სიმდაბლის გამოჩენა ჩანს ადამიანში, თუ მორჩილება გაქვს, უბრალოება გაქვს. რა თქმა უნდა, ღმერთის ნებაზეა ეს დაშვებული, მაგრამ ჩვენც სიფრთხილე უნდა გვქონდეს. კაცი წყალში იხრჩობოდა და ღმერთს ეხვეწებოდა, გადამარჩინეო, გაანძრიე ხელი და გადარჩებიო. ჩვენი ნებაც უნდა გამოვხატოთ, ჩვენც რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ." - იქადაგა მეუფე იობმა 2020 წლის ნოემბერში.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები