ახალი ამბები
,,რას ხედავს აფხაზი ან ოსი ახალგაზრდა, როცა გადართავს და უყურებს ქართულ არხებს'' - ჟურნალისტების პასუხი ირაკლი ღარიბაშვილს
,,თუ აფხაზი და ოსი ახალგაზრდები გვიყურებენ, ალბათ, ენატრებათ ეს სივრცე, სადაც ჟურნალისტები და მოსახლეობა თავისუფლად ლაპარაკობენ, სადაც კრიტიკული აზრი ისმის.'' - განაცხადა სტუდია ,,მონიტორის'' ჟურნალისტმა ნინო ზურიაშვილმა ვიკა ბუკიას გადაცემაში ,,პირველი ხაზი''.

ჟურნალისტებმა, ნინო ზურიაშვილმა და ვახო სანაიამ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება შეაფასეს, რომლის მიხედვით, ოს და აფხაზ ახალგაზრდებს, საქართველოს ტელევიზიების წყალობით, სხვა წარმოდგენა ექმნება საქართველოში არსებულ ცხოვრებაზე.

,,კი, ბატონო, შევხედოთ, ოსებისა და საქართველოს თვალით, რაც ხდება დანარჩენ საქართველოში. თუ ამაზე მიდგა საქმე. ეს არის ძალიან პრიმიტიული ლაპარაკი კონფლიქტების მოგვარების, რასაც ღარიბაშვილი ამბობს, რომ თურმე ისინი რომ შემოგვხედავენ ეხლა, ასე უყურებენ აქაურობას. გავყვეთ, მაგ ლოგიკას: სასამართლო არ არის; არ გვაქვს პროკურატურა; უფრო სწორად, გვაქვს, მაგრამ ერთი ადამიანის ხელშია. ეკონომიკა არ გვაქვს; პარლამენტი არ ფუნქციონირებს, თვითმმართველობის რეფორმა მიწასთან არის გასწორებული; იმიტომ, რომ გადააყოლა იმას, რომ არჩევნები უნდა მოიგონ როგორღაც და ფულს არ ტოვებენ რეგიონებში, იმიტომ, რომ ცენტრიდან უნდა აკონტროლონ; თუ ვლაპარაკობთ, რეგიონებთან ურთიერთობაზე; ვხედავ რა ხდება იმ რეგიონებში, სადაც ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია ვრცელდება, კონფლიქტებზე აღარაფერს ვამბობ; სფეროების მიხედვით, განათლება არ არსებობს, ჯანდაცვა; კოვიდზე რა ვითარება გვაქვს და ამას ლაპარაკობს იმ მთავრობის წარმომადგენელი, რომელმაც ოკუპაციის ხაზთან ის ვერ უზრუნველყო, რომ ადამიანები ენგურს არ წაეღო. უაზრო რეგულაციების გამო, უწევდათ მდინარეზე გადმოსვლა; აი, ეს კაცი, ახლა გამოდის და მედიას აბრალებს კონფლიქტების ამბავს. წიგნი რომ არ გადაუშლია, კარგად ვხედავთ, ყველა სფეროში. ისტორიაში არ გაუგონია საქართველო-რუსეთის 200 წლოვანი ურთიერთობის შესახებ, არაფერი. ყველაფერი ჰგონია ,,ნაციონალური მოძრაობა''. წარმოდგენა არა აქვს, რას ლაპარაკობს. ერთი ნაბიჯი წინ ვერ გადავდგით, ამდენი წლის განმავლობაში, აფხაზებთან და ოსებთან დიალოგის თვალსაზრისით. ისევ რუსეთისკენ უჭირავს თვალი. ყველაფერს, რასაც ლაპარაკობს და აკეთებს, ყველაფერი არის რუსული გეოპოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ.'' - განაცხადა ვახო სანაიამ, ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტმა ვახო სანაიამ გადაცემაში ,,პირველი ხაზი''.

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას:

"მოდი, ერთი წამით დავფიქრდეთ, რას ხედავს აფხაზი ან ოსი ახალგაზრდა, როცა გადართავს და უყურებს ქართულ არხებს, სატელევიზიო გადაცემებს. ყოველდღიურ რეჟიმში ხედავენ, უსმენენ ძალადობის რიტორიკას, ღვარძლს, შუღლს, ბოროტებას – პირდაპირ უნდა ითქვას – და ამ შუღლის გაღვივებას ჩვენ შიგნით", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა შერიგების სამინისტროს 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე და ქართული სატელევიზიო სივრცე გააკრიტიკა საქართველოში მიმდინარე მოვლენების გაშუქების ტონის გამო.

"არავითარი დისკურსი, დღის წესრიგი არ არსებობს, მე ვგულისხმობ უმეტესობას სატელევიზიო არხებისა და პოლიტიკოსების, ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. მთელი საზოგადოება სურთ, დააზომბირონ ამ ყოველდღიურად ხელოვნურად შექმნილი კრიზისებით, საბოტაჟით, შანტაჟითა და შეთქმულებების დადგმით ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ.

ოსი ახალგაზრდა, რომელსაც კარგად ახსოვს აგვისტოს ომის მძიმე დღეები, ესეც უნდა გავითვალისწინოთ, რას უსმენს ყოველდღიურად ჩვენგან, რა გზავნილებს იღებენ. ხედავენ, რომ ჩვენ შიგნით ვერ ჩამოვყალიბდით, ვერ დავლაგდით, ვერ შევრიგდით, ვერ განვსაზღვრეთ, რა არის პრიორიტეტული საკითხები, პრობლემები, ამოცანები, როგორ უნდა გადავჭრათ ეკონომიკური სიდუხჭირე, სიღარიბე, უმუშევრობა, იმის მიუხედავად, რომ ჩვენმა მთავრობამ ბევრი რამე გააკეთა 8 წლის განმავლობაში", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები