ახალი ამბები
გორის სოფლებში აცრების მსურველთა რეგისტრაცია იწყება - ვაქცინებს ადგილზე ჩაიტანენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, აცრების მსურველთა რეგისტრაცია იწყება. ამის შესახებ ტერიტორიული თემებში მერის წარმომადგენლებმა განცხადებები გაავრცელეს.

იმ შემთხვევაში, თუ აცრების მსურველთა რაოდენობა 30-დან 50-მდე იქნება, ვაქცინებს ადგილზე ჩაიტანენ:

,,ქვახვრელის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის საყურადღებოდ! კოვიდ 19-ის ვაქცინით აცრის მსურველები გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ქვახვრელის ადმინისტრაციას. Tel: 598 85 82 58 ან 551 16 82 83'' - ასეთია ქვახვრელში მერის წარმომადგენლის, დიმა მირუაშვილის განცხადება.

მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან დაუკავშირდნენ და მოსახლეობას აცრები ადგილზე შესთავაზეს:

,,ჩვენს სოფელში თუ ვინმეა აცრის მსურველები და არ შეუძლია ქალაქში წასვლა, შეუძლია მოგვმართოს, ჩვენ ამ მონაცემებს შევაგროვებთ და გავუგზავნით დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებს. მსურველთა რაოდენობა თუ იქნება მაგალითად 30, 40 ან 50 კაცი, ამ შემთხვევაში, ვაქცინაცია სოფელშივე ჩატარდება'' - გვითხრა დიმა მირუაშვილმა.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად დამძიმებულია. გორის კოვიდცენტრებში საწოლების რაოდენობა აღარ ყონით. დღეს დილით ერთ-ერთი პაციენტი ბორჯომის კლინიკაში დააწვინეს, რადგან რეგიონის არც ერთ საავადმყოფოში ადგილები აღარ იყო.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 233 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 934 პირი, ხოლო  ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 948 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 233 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 924 შემთხვევა, აჭარა - 591, იმერეთი - 518, ქვემო ქართლი - 200, შიდა ქართლი - 185, გურია - 107, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 222, კახეთი - 270, მცხეთა-მთიანეთი -92, სამცხე-ჯავახეთი - 97, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 27.
Print

სტატიის გამოყენების პირობები