ახალი ამბები
გორსა და გორის რაიონში ღორის გრიპის შემთხვევები არ ფიქსირდება
გორსა და გორის რაიონში ღორის გრიპის შემთხვევები არ ფიქსირდება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის საზოგდოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან აცნობეს.

ეპიდემიოლოგ ნელი ამბოკაძის განცხადებით, ღორის გრიპი არც სამხედრო ჰოსპიტალში მთავსებულ 11 სამხედროს დაუდგინდა.

ადგილობრივი ტელევიზიების ცნობა იმის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში ღორის გრიპით დაინფიცირებული სამხედროები მოათავსეს, არასწორი აღმოჩნდა.

,,ეჭვი, მხოლოდ, ორ სამხედროს შესახებ არსებობდა, თუმცა ანტისხეულებზე ჩატარებული კვლევის შემდეგ, H1N1 ტიპის ვირუსი არ აღმოჩნდა“ - ამბობს ნელი ამბოკაძე.

ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, ზოგადად, ქალაქისა და რაიონის სამედიცინო ცენტრებში, ჩვეულებრივი გრიპის სამკურნალოდ, მომართვიანობა მაღალია.

,,ჩვენთან ყველანაირი ინფორმაცია შემოდის, როგორც ქალაქიდან ისე რაიონიდან. დღეის მდგომარეობით, არც მოსახლეობაში და არც სამხედროებში ღორის გრიპის შემთხვევები არ გვაქვს“ - განმარტა ეპიდემიოლოგმა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, H1N1 ვირუსი ყველა ასაკობრივ ჯგუფში მთელ საქართველოშია გავრცელებული. იანვარ-თებერვალში გრიპის ვირუსების შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი.

ცენტრის ცნობით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ასი ათას მოსახლეზე გრიპის ვირუსით ინფიცირების 240 შემთხვევაზე მეტი ფიქსირდება, რაც მოცემული პერიოდისთვის დამახასიათებელია და ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პიკს არ აჭარბებს.

გრიპის ეპიდემია გამოცხადდება, თუ შემთხვევების რაოდენობა ყოველ 100 ათას მოსახლეზე 500 შემთხვევაზე მეტი იქნება.

დღეისთვის, 8 ათასზე მეტი პირი კი კერძო სამედიცინო დაწესებულებების მიერ აიცრა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები