ახალი ამბები
ევროკავშირი რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის 13 წლისთავს აღნიშნავს
დღეს ევროკავშირი რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის 13 წლისთავს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადება გაავრცელა.

განცხადება ქვეყნდება საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით

,,კვლავ ვგმობთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას და საერთაშორისო სამართლის და 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით ამ რეგიონებში მისი სამხედრო ძალების ყოფნის გაგრძელებას.''

,,ევროკავშირი კვლავ მხარს უჭერს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებების დაცვას. ეს უფლებები ისევ ირღვევა, მათ შორის ე.წ. "ბორდერიზაციის", გადაკვეთის პუნქტების დახურვისა და უკანონო დაკავებების საშუალებით.''

,,პანდემიის დროს, ასეთი დარღვევები დამატებით ზიანს აყენებს მშვიდობიან მოსახლეობას, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, რამაც მეტი მსხვერპლი გამოიწვია. მათი გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა უნდა შეწყდეს.''

,,გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 21 იანვრის ისტორიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებით აღიარებულ, წარსულში ჩადენილ ადამიანის უფლებების ყველა დარღვევას უნდა მოჰყვეს სანდო და პასუხისმგებლიანი გამოძიებები, რათა მსხვერპლებისთვის სამართლიანობა აღდგეს.''

,,კვლავ სრულად მხარს ვუჭერთ კონფლიქტების მოგვარებას, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარის რანგში ევროკავშირის ჩართულობის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის, და ადგილზე უწყვეტად მყოფი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის საშუალებით. ვადასტურებთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.'' - აღნიშნულია განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები