ახალი ამბები
,,არ შეიძლება ამ ფორმის ძალადობის გამოყენება ჟურნალისტებზე'' - სალომე ზურაბიშვილი
,,მთავრობის პირველი მოვალეობა ასეთ ვითარებაში წესრიგის დამყარებაა''. - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში, სადაც 5 ივლისის ძალადობრივ პროცესებზეისაუბრა.

მანვე მწუხარება გამოთქვა ამ მოვლენებში სასულიერო პირთა ნაწილის მონაწილეობის გამო.

"არ შეიძლება ამ ფორმის ძალადობის გამოყენება ჟურნალისტებზე. მე მგონი, შეიძლებოდა ამის აღკვეთა. როგორც კი გამოცხადდა, რომ ქაშუეთში იქნებოდა ამ ტიპის შეხვედრა, 2 პარაკლისიო, მაგრამ რა პარაკლისი?! მე გავიარე ეკლესიის წინ დილით და ვნახე, რომ ეს ხალხი, ვინც იქ იყო თავმოყრილი, სალოცავად ნამდვილად არ იყო მოსული.

ამიტომ, როცა ხარ ხელისუფლება და შესაძლებელი არის, რომ ეს გადაიზარდოს სხვა რამეში, ამის აკრძალვა აუცილებელია. წესრიგის დაცვა არის პირველი მოვალეობა. სამწუხაროა, რომ ეკლესიის ზოგმა წარმომადგენელმა ამაში მიიღო მონაწილეობა, თუნდაც, განცხადებებით.

კიდევ უფრო სამწუხაროა, როცა ვიცით, რომ პატრიარქის მთელი ცხოვრება მიძღვნილი იყო იმისკენ, რომ არანაირი დაპირისპირება არ მომხდარიყო არც ეკლესიის შიგნით და არც საზოგადოებაში. მე რაც მესმოდა და მესმის მისგან, ეს არის ყოველთვის მისი მთავარი წუხილი და საზრუნავი. დღეს რომ ეს ხდება ეკლესიაში, ალბათ მისთვის დიდი ტკივილი და ძალიან სამწუხაროა", — დასძინა მან.

5 ივლისს თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. "ქართული ოცნების" საწინააღმდეგო კარვების, ასევე, "სირცხვილიას" და "თბილისი პრაიდის" ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ. ძალადობაში მხილებული 30-მდე პირი დაკავებულია, არ არიან დაკავებულნი ორგანიზატორები. ძალადობისას დაშავებული ოპერატორი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ექსპერტიზის ოფიციალური პაუხი ჯერ ცნობილი არაა.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები