ახალი ამბები
,,დეოკუპაციის სტრატეგია ეს არის ზეპარტიული საკითხი'' - გახარია შინდისში
ექსპრესმიერი გიორგი გახარია აცადებს, რომ დეოკუპაციის სტრატეგიასთან დაკავშირებით, ყველას ერთიანი პოზიცია უნდა ჰქონდეს. ამის შესახემ მან გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში განაცხადა, სადაც თანაგუნდელებთან ერთად, აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი სამხედროების მემორიალი გვირგვინით შეამკო:

,,დღეს, ჩვენ ყველა, საქართველოს მოქალაქეები პატივს მივაგებთ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს და რა თქმა უნდა, სიმბოლურია და შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენ ვართ დღეს აქ შინდისში გმირების მემორიალთან. შინდისის გმირების, რომლებიც გიორგი ანწუხელიძესთან ერთად დაუმარცხებელი საქართველოს სიმბოლო არიან. 13 წელი გავიდა, გრძელდება ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია.

მე რამდენჯერმე მითქვამს და კიდევ ხშირად გავიმეორებ, რომ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის 20%-ის მიწის ოკუპირება. ეს ჩვენი ქვეყნის განვითარების შეზღუდვაა, ჩვენი ადამიანური რესურსის შეზღუდვაა და ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნის დეოკუპაციის გარეშე, მე ვერ წარმომიდგენია საქართველოს სრულფასოვანი განვითარება, ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბება.

სწორედ ამიტომ არის, რომ დეოკუპაციის სტრატეგია, დებორდერიზაციის სტრატეგია ეს არის ზეპარტიული საკითხები, რომელზეც ჩვენ ყველა უნდა შევთანხმდეთ და იმის მაგივრად, რომ ერთმანეთს ვებრძოლოთ და დისკუსიები გავმართოთ იმაზე, ვინ დაიწყო ომი და როდის დაიწყო ეს ომი, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის უაღრესად ზეპარტიული საკითხი, ერთადერთი აუცილებელი პირობა ძლიერი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისთვის და ჩვენ ყველანი ამ დღეს მაინც უნდა შევთანხმდეთ, რომ დეოკუპაციისა და დებორდერიზაციის სტრატეგია ეს არის ზეპარტიული საკითხი და ყველას უნდა გვქონდეს ერთიანი პოზიცია.'' - განაცხადა გახარიამ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები