ახალი ამბები
,,იმის გამო, რომ მისი სიძე საბანაძის მეგობარია, სამსახურიდან მიშვებენ'' - პატრული
შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი თამაზ ჯოხაძე ამბობს, რომ განცხადების დაწერას და სამსახურიდან წასვლას სთხოვენ. პოლიციელმა Facebook-ზე LIVE ვიდეო ხელმძღვანელების კაბინეტში ჩართო და თქვა, რომ სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზს ვერ უსახელებენ.

„დავით ჯაშაშვილი და გიორგი მესხი დღეს, სრულიად უმიზეზოდ მიბარებენ სამსახურში და მეუბნებიან, რომ უნდა წავიდე სამსახურიდან. ვეკითხები ორივე მათგანს და ვერცერთი მპასუხობს კითხვაზე, თუ რატომ უნდა წავიდე. არ შეუძლიათ კითხვაზე პასუხის გაცემა. ამათ გონებაში მეტი არაფერია – წადი და მორჩა! შენ უკან ვინ დგას, რამდენი შვილი გყავს, ოჯახში რამდენი ხართ, რამდენ ადამიანს ინახავ – არ გეკითხებიან საერთოდ, ამათვის ამას აზრი არ აქვს. „დაწერე პატაკი და ოჯახური პირობების გამო წადი“. რას ჰქვია წადი? სამი შვილის მამა ვარ და ესენი შემინახავენ ოჯახს?“, – ამბობს პოლიციელი ვიდეოში.

თამაზ ჯოხაძის თქმით, მისი გათავისუფლების ერთადერთი ლოგიკური მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მისი სიძე შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის კახაბერ საბანაძის ბავშვობის მეგობარია.

„ჩემი სიძე – გიორგი მეზვრიშვილი, რომელიც შიდა ქართლში დაცვის პოლიციის უფროსი იყო, გამოუშვეს მხოლოდ იმიტომ, რომ იყო კახა საბანაძის ბავშვობის მეგობარი. ახლა უნდათ მე გამიშვან სამსახურიდან იმ მიზეზით, რომ გიორგი მეზვრიშვილი, სამწუხაროდ ამ შემთხვევაში, არის ჩემი სიძე. ვერ მოესწრებიან, რომ ჩემი ნებით წავალ სამსახურიდან ამის გამო და თვითონ რაც უნდათ, გააკეთონ.

მინდოდა მეთქვა იმ უსამართლობის შესახებ, რაც დღეს ხდება პოლიციაში და ამაზე პასუხის მომკითხველი არავინაა. ასე იყო, ასე არის და ალბათ კიდევ დიდი ხანი ასე იქნება“, – ამბობს თამაზ ჯოხაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, დღეს, 11 აგვისტოს, გორის საპატრულო პოლიციაში ხელმძღვანელებმა პატრულ-ინსპექტორ თამაზ ჯოხაძის შესაძლო დისციპლინური გადაცდომებისა და უკანონო საქმიანობის შესახებ გასაუბრება ჩაატარეს, რამაც პატრულ-ინსპექტორის უკმაყოფილება და გაღიზიანება გამოიწვია. შსს-ში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე თამაზ ჯოხაძე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას აგრძელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო პატრულ-ინსპექტორ თამაზ ჯოხაძის შესახებ განცხადებას ავრცელებს:

''გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი აცხადებს, რომ თითქოს მას ხელმძღვანელი პირები სამსახურიდან წასვლას აიძულებენ. მიმდინარე წლის 11 აგვისტოს, გორის საპატრულო პოლიციაში ხელმძღვანელების მიერ აღნიშნულ თანამშრომელთან, მისი შესაძლო დისციპლინარული გადაცდომების და უკანონო საქმიანობის შესახებ ჩატარდა გასაუბრება, რამაც გამოიწვია პატრულ-ინსპექტორის უკმაყოფილება და გაღიზიანება. ამ ეტაპზე პატრულ-ისნპექტორი თამაზ ჯოხაძე აგრძელებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას. პატრულ-ინსპექტორის მხრიდან შესაძლო დისციპლინარულ გადაცდომის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურეობრივი შესწავლის დასრულებისთანავე შედეგები დაინტერესებული პირებისთვის ცნობილი გახდება."-ნათქვამია განცხადებაში.

კახაბერ საბანაძე შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობიდან 2021 წლის 23 მარტს გადადგა. როგორც მან განმარტა, ეს გადაწყვეტილება მედიაში მის შესახებ გასული სიუჟეტების გამო მიიღო.

„წლების განმავლობაში ვემსახურებოდი სახელმწიფოს და ვიცავდი კანონს, რომლის ზედმიწევნით აღსრულებაც იყო, არის და იქნება ჩემთვის უპირველესი. ვფიქრობ, რომ ზემოხსენებულ ფაქტებს [მედიაში გასულ სიუჟეტებს] სჭირდება შესწავლა, შესაბამისად, უნდა ჩატარდეს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომელიც დაადგენს სიმართლეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგამოძიებო პროცესის მიმართ ნდობის უზრუნველყოფის მიზნით, ვტოვებ თანამდებობას“, – განაცხადა კახაბერ საბანაძემ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები