ახალი ამბები
ოლიმპიური ოქროს მფლობელი 1 მლნ ლარს, ვერცხლის - 500 000 ლარს მიიღებს, ბრინჯაოს მედალოსანი – 250 000 ლარს
ქართველი სპორტსმენები, რომელთაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ფულად ჯილდოს მიიღებენ. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა 14 აგვისტოს, ოლიმპიელების მიღების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვერცხლის მედლის მფლობელი 500 000 ლარს მიიღებს, ბრინჯაოს მედალოსანი კი- 250 000 ლარს. ამასთან, ცნობილია, რომ ოლიმპიური ოქროს მფლობელს სახელმწიფო 1 მილიონ ლარს გადასცემს.

,,მოგეხსენებათ, წასვლის წინ გაგაცანით, რომ ოქროს მფლობელი მიიღებს 1 მილიონ ლარს. ახლა რაც შეეხება ვერცხლის მფლობელებს, მე მინდა გაცნობოთ, რომ 500 000 ლარი იქნება თქვენი ჯილდო, ბრინჯაო - 250 000 ლარი. მივესალმები პლანეტის ყველაზე ძლიერ ადამიანს, ლაშა ტალახაძეს, მივესალმები ლაშა ბექაურს, ვაჟა მარგველაშვილს, ლაშა შავდათუაშვილს, იაკობ ქაჯაიას, გენო პეტრიაშვილს, ანტონ პლესნოის, გურამ თუშიშვილს, რომელიც საპატიო მიზეზით ვერ გვესწრება დღეს.'' - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

საქართველომ ტოკიოს ოლიმპიადა 8 მედლით და 33-ე ადგილით დაასრულა. ქართველმა ოლიმპიელებმა 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვეს.

ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ ძიუდოისტი ლაშა ბექაური და ძალოსანი ლაშა ტალახაძე. 21 წლის ბექაურისთვის ეს პირველი ოლიმპიური ოქროა, ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია, რაც პირველად მოხდა დამოუკიდებელი საქართველოს სახელით. ამასთან, ლაშა მესამე ქართველი სპორტსმენია, რომელიც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

ტოკიოში ვერცხლის პრიზიორები გახდნენ – ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო, 66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო, 73 კგ), გურამ თუშიშვილი (ძიუდო, +100 კგ), იაკობ ქაჯაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 130 კგ) და გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ). ბრინჯაოს მედალი კი ანატოლი პლესნოიმ (ძალოსნობა, 96 კგ) მოიპოვა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები