ახალი ამბები
ვალერი გელაშვილი ხაშურის მერად იყრის კენჭს
პარლამენტის ოთხგზის წევრი ვალერი გელაშვილი ხაშურის მერად იყრის კენჭს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბიზნესმენმა საზოგადოებას თავად გააცნო.

მისი თქმით, 2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება.

,,დღეისათვის, ჩვენი სამშობლო, ისე როგორც არასდროს უამრავი გამოწვევის წინაშე დგას, ქვეყნის ოკუპაციას, და მის ტერიტორიულ მთლიანობას უდიდესი პრობლემის სახით, საზოგადოების უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაც ემატება, რასაც თან ერთვის მსოფლიოში არსებული პანდემია, რომელმაც საქართველოშიც უკიდურესად ნეგატიურად იჩინა თავი. უდიდესი სირთულეების მიუხედავად იმედი მაქვს, ჩვენი ქვეყანა და მისი გმირი ხალხი გამოვა ამ ურთულესი მდგომარეობიდან. საქართველოს ნამდვილად გააჩნია ამის რესურსი. სწორედ ერთად დგომით შეგვიძლია დავამარცხოთ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უმუშევრობა, უიმედობა, კრიმინალი და თუნდაც პანდემია, რომელიც სამწუხაროდ ჩვენი ყოველდრიური ცხოვრების, უკვე შემადგენელი, თანმდევი ნაწილი გახდა. დროა, ასევე მყისიერად შევცვალოთ ის ბიუროკრატია, რომელიც ქვეყნასა და რეგიონს, ჩვენს ქალაქს მომავალი განვითარების საშუალებას არ აძლევს.'' - აღნიშნავს ხაშურის მერობის კანდიდატი.

იგი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ადამიანებს პირდება სამუშაო ადგილებსა და ინფრასტრუქტურის განვითარებას:

,,მზად ვარ შევქმნა სამუშაო ადგილები, განვავითარო ქალაქის ინფრასტრუქტურა და ეკონომიკა, ვიზრუნო ადგილობრივ მოსახლეობაზე. დავეხმარო პენსიონერებს, რომელთა პენსია ქვეყანაში არსებული ინფლაციის ფონზე კიდევ უფრო სავალალოა. ასევე, პირობას ვდებ ხაშურელი სტუდენტების წინაშე, რომ ისინი სრულფასოვან განათლებას აუცილებლად მიიღებენ. ხაშურში, ეტაპობრივად ყველა პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი, ასე რომ კიდევ ერთხელ მოგმართავთ, მეგობრებო, ჩვენ გვაქვს უნარი და იმის ძალა, რომ დავსახოთ მიზანი, შევქმნათ უკეთესი მომავალი ჩვენი ერთიანი სამშობლოს გასაძლიერებლად, რომელიც ჩვენი ქალაქის განვითარების სრული გარანტიაა.'' - აცხადებს ვალერი გელაშვილი.

ვალერი გელაშვილი დაიბადა 1960 წელს, 1977-1981 წლებში სწავლობდა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში.

საქმიანობა - ბიზნესმენი, პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის ოთხგზის წევრი 1999, 2003, 2012, 2016 წლებში.

ვალერი გელაშვილი 1991-1999 წლებში იყო დახურული სააქციო საზოგადოება V&G-ს გენერალური დირექტორი. 2006-2012 წლებში მეორედ გახდა დსს V&G-ს გენერალური დირექტორი. 2011-2012 წლებში კი იყო შპს „ევრას“ დირექტორი.

civil.ge-ს ფოტო
Print

სტატიის გამოყენების პირობები