ახალი ამბები
ეკატერინე ტიკარაძე ორჯერ ვაქცინირებული მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება
გორში, გუშინ, ორჯერ ვაქცინირებული მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ეხმაურება. მისი განცხადებით პაციენტებს ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ, რამაც მათ სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები მიაყენა.

"მსგავი შემთხვევა არის დაფიქსირებული. რა თქმა უნდა, ეს არის სამწუხარო ფაქტი. მსოფლიოში მსგავსი ერთეული შემთხვევები ფიქსირდება და ასეთი დაფიქსირდა საქართველოშიც. თუმცა, ეს არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს, ვინაიდან ეს არის 0.001%, ძირითადში ვაქცინა გვიცავს ლეტალობის შემთხვევებისგან. ამ პაციენტებში იყო განვითარებული სიცოცხლისთვის შეუსაბამო სხვადასხვა დაზიანებები, რომელიც მათი ქრონიკული დაავადებებისგან იყო გამოწვეული და ამ შემთხვევაში, ექიმების ძალისხმევაც უშედეგო აღმოჩნდა", - განაცხადა ტიკარაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რომელი ვაქცინით იყვნენ აღნიშნული პირები აცრილი, ტიკარაძემ აღნიშნა, რომ "ეს არის პაციენტის პირადი ინფორმაცია"

როგორც გუშინ ვწერდით, გორში, 63 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ის პირველად 28 ივნისს აიცრა, შემდეგ - ივლისის ბოლოს. აღნიშნული მოქალაქე 11 აგვისტოს სოციალურ ქსელში წერდა, რომ ებრძოდა კოვიდს და იმედი ჰქონდა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები